ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემზე გამოსვლა ხუთი მედლით დაასრულა

© courtesy of Georgian Judo Federationვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
ლუხუმ ჩხვიმიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის, ხოლო თემურ ნოზაძემ და ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა ხუთი მედლით დაასრულეს. ბოლო საჭიდაო დღეს კვარცხლბეკზე ასვლა ვარლამ ლიპარტელიანმა და ბექა ღვინიაშვილმა მოახერხეს.
ლიპარტელიანმა, რომელიც 100 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ფინალამდე უდანაკარგოდ იასპარეზა. პირველ ეტაპზე ქართველმა ფალავანმა სერბი ბოიან დოსენი დაამარცხა, რასაც კიდევ სამი გამარჯვება მიაყოლა (გერმანელი კარლ-რიხარდ ფრეი, ბრაზილიელი რაფაელ ბუზაჩარინი და დანიელი მატიას მადსენი). ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ კენტარო იიდასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამავე წონაში ონისე სანებლიძემ მეოთხედფინალში იაპონელ კენტარო იიდასთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველივე შეხვედრა დათმო უნგრელ ჩომბორ ვეგთან და ასპარეზობა დაასრულა.
90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი გამოვიდა. ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ბექა ღვინიაშვილს, რომელმაც სერბი მიჰაილო ჩირიჩი, ტაჯიკი კახონგირ მაჟიდობი და ამერიკელი ჯონ ხაიმე დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან წააგო და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უნგრელ გერგელი ნერპელს 50 წამში იპონით აჯობა. ამავე წონაში ნიკა ხარაზიშვილმა პირველივე შეხვედრაში უნგრელ კომრონშოხ უსტოპირიონთან წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
+100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გელა ზაალიშვილი გამოვიდა, რომელმაც გერმანიის სახელით მოასპარეზე ერიკ აბრამოვთან და ფინელ მარტიი პუუმალაინენთან გამარჯვებით ნახევარფინალში გასვლა კი შეძლო, მაგრამ იქ ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტ ტედი რინერთან დამარცხდა.
ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მაგომედომარ მაგომედომაროვს დაუპირისპირდა, მაგრამ შებოჭვით წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
გრანდ სლემზე ორმა ქართველმა ქალმა ძიუდოისტმაც იასპარეზა, მაგრამ ორივე პირველივე წრეში დამარცხდა. მარიამ ჭანტურია (78 კგ) ვენესუელელ კარენ ლეონს ვერ გაუმკლავდა, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერშკოსთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტის გრანდ სლემი ხუთი მედლით დაასრულა. ლუხუმ ჩხვიმიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის, ხოლო თემურ ნოზაძემ და ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ შედეგით საქართველომ ბუდაპეშტის გრანდ სლემი მე-7 ადგილზე დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0