ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

© Tbilisi City Hall შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
მემორიალური დაფა განთავსდა შენობაზე, სადაც 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და საქართველოს პრესის ბიურო მდებარეობდა.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა, იუწყება თბილისის მერია.
საქართველოს მემორიალური დაფა განთავსდა შენობაზე, სადაც 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და საქართველოს პრესის ბიურო მდებარეობდა.
ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის და ბერნის მერები კახა კალაძე და ალეკ ფონ გრაფენრიდი. ცერემონიაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე.
თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს შესრულდა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი და მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღის აღსანიშნავად მემორიალური დაფა განთავსდა.
„გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფა იმ შენობაში, სადაც 1918 წელს, როდესაც შვეიცარიამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენი დიპლომატიური მისია, საელჩო იყო განთავსებული“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გარკვეული წლების განმავლობაში ქართულ მხარეს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იყო განთავსებული პირველი დიპლომატიური მისია შვეიცარიაში.
„შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენი საელჩოს ჩართულობით არქივში მოიძებნა აღნიშნული ადგილი და მისმა მეპატრონემ მემორიალური დაფის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა, რაც ძალიან სასიამოვნოა. მე, როგორც ქართველს, ძალიან მიხარია, რომ ქალაქ ბერნში ჩვენი პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფა არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბერნის მერმა თბილისისა და ბერნის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მოხარული ვარ, რომ ბერნში იმყოფება კახა კალაძე, რადგან თბილისსა და ბერნს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია. ყველაფერი იცვლება, შენობები იცვლებიან, მაგრამ რჩება მეგობრობა, რომელიც დროს უძლებს“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
საქართველოს ელჩმა შვეიცარიაში კი განაცხადა, რომ მემორიალური დაფის გახსნა ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
„1918 წელს ბერნში, ზუსტად ამ ადგილას საქართველოს დიპლომატიური მისია დაარსდა. ეს იყო 1918 წლის ოქტომბერში, ამავე წლის ნოემბერში კი გაიხსნა ქართული საინფორმაციო ბიურო, რომელიც იმ დროიდან ქართული იდენტობის, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის მუშაობდა. შესაბამისად, ბერნის და თბილისის მერების მიერ მემორიალური დაფის გახსნა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა რევაზ ლომინაძემ.
შვეიცარიამ საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელს აღიარა.
თბილისის მერი კახა კალაძე შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტით იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0