საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მორწმუნეებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს მთავარი რელიგიური დღესასწაული - ყურბან-ბაირამი მიულოცა.
ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ალაჰს შინაურ საქონელს სწირავენ. ხორცის დიდი ნაწილი უნდა დაურიგდეს გაჭირვებულებს, ობლებსა და მეზობლებს, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა. ამ დღეს მორწმუნეები გულუხვად არიგებენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს. კეთილდღეობას, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
ყურბან-ბაირამის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს. ყურბან–ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სათავეს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (იგივე აბრაამი) მიერ მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმიდა წერილებშია აღწერილი. უფალმა წინასწარმეტყველს, მისი რწმენის გამოსაცდელად, შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის მაგივრად ცხვრის დაკვლის ნება დართო.
ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ამავე დღეს ტარდება „ჰაჯობის რიტუალი", ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს რიტუალი ყველა მუსლიმმა უნდა ჩაატაროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.
მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.
ყველა ახალი ამბავი
0