ხორეშანის ავი სიზმარი, ანუ როგორ იხსნა ოლთისის ებრაელობამ კახეთის დედოფალი

© Pixabay / TheDigitalArtistგველი
გველი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
მე-17 საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰმა აბას პირველმა ოთხჯერ დალაშქრა კახეთი. მეფე თეიმურაზ პირველი იძულებული გახდა ჯერ იმერეთისთვის შეეფარებინა თავი, მერე კი ახალციხის ფაშას ხლებოდა.
1616 წლის მიწურულს თეიმურაზმა დედოფალი ხორეშანი ოლთისში დატოვა, სახლთუხუცესი ნოდარ ჯორჯაძე მიუჩინა მცველად სამასამდე კახელ აზნაურთან ერთად, თავად კი შვიდასი ერთგული აზნაური იახლა და სტამბულის გრძელსა და ხიფათიან გზას დაადგა.
მსტოვრებმა შაჰს ამცნეს, რომ ხორეშან კახეთის დედოფალი ოლთისს აფარებდა თავს. აბას პირველმა ერევნის ბეგლარბეგს, ერთგულ ამირგუნა ხანს უბრძანა ქალაქის დალაშქვრა და დედოფლის დატყვევება. შაჰის სიტყვა კანონი იყო და ამირგუნა დაუყონებლივ შეუდგა ურთულეს მისიაზე მუშაობას.

ბეგლარბეგს კარგად ესმოდა, რომ ოლთისზე თავდასხმა მოულოდნელი უნდა ყოფილიყო, რათა დედოფლის გახიზვნა ვერ მოესწროთ. თანაც, შიდა ციხე ისე იყო გამაგრებული, რომ მხოლოდ უეცარი იერიშით თუ შეძლებდნენ მის აღებას, თორემ ალყით ვერაფერს გახდებოდნენ. გაჭიანურებული ალყა კი სპარსელებს ხელს არ აძლევდა – ვაითუ დამხმარე მოსვლოდა ციხიონს.

ამიტომ ამირგუნა ხანმა ჯარს ოლთისამდე მისასვლელი გზა იმ ზამთარს მოსული ხვავრიელი თოვლისგან გააწმენიდინა და ციხეს ყველაზე დაუცველი მხრიდან უჩუმრად მიადგა.
ერევნის ბეგლარბეგის ლაშქრის გამოჩენა ციხეში შეუმჩნეველი დარჩებოდათ, რომ არა დედოფალ ხორეშანის ავი სიზმარი. ღამით კახეთის დედოფალს ესიზმრა, თითქოს სასახლის წალკოტში ვარდების საკრეფად ჩასულს ულამაზესი ბაღი გველებით სავსე დახვდა. ქვეწარმავლები ფეხშიშველ ხორეშანს შემოეხვივნენ და ის-ის იყო, უმწეო ქალი უნდა დაეგესლათ, რომ საიდანღაც ორბები გამოჩნდნენ, გველები გაიტაცეს და ცაში გაუჩინარდნენ.
გამოღვიძებულმა ხორეშანმა ეს სიზმარი მტრის შემოსევის ნიშნად მიიჩნია და საომარი თადარიგის გაწევა ბრძანა. ქალები და ბავშვები ქალაქის შიდა ციხეში შეხიზნეს, ხოლო მეომრები ციხის გალავანზე გამაგრდნენ და ასე საომრად მომართულები დახვდნენ 10 ათას ყიზილბაშს.

ქალაქის დამცველებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სპარსელებს, მაგრამ ბოლოს, ნოდარ ჯორჯაძის წინასწარ შედგენილი გეგმით, ქალაქი მტერს „დაუთმეს“, თავად კი საიმედოდ გამაგრებულ შიდა ციხეში შეიკეტნენ.
რადგან ოლთისის მოულოდნელი თავდასხმით აღების გეგმა ჩაუფლავდათ, ყიზილბაშებმა მას ალყა შემოარტყეს.

იმხანად ქალაქში რამდენიმე ასეული ებრაეული ოჯახი ცხოვრობდა. ტრადიციულად, კომერციულ საქმიანობაში ჩართული ეს ერი თავს არიდებდა ხოლმე საომარ ბატალიებს. ეს კარგად უწყოდნენ ყიზილბაშებმაც და ამიტომ საფრთხედ არ აღიქვამდნენ მათ.

არადა, ოლთისის ებრაელობა საომრად ფაციფუცობდა. ბოლოს, ერთ საღამოს, სინაგოგაში შეკრებილ ებრაელებს რაბინმა დედოფლის დასაცავად იარაღის აღებისკენ მოუწოდა...
და მეორე დილით, გამთენიისას შიდა ციხის ქონგურებიდან თოფის ხმა გაისმა, რაც ქართველთა შეტევაზე გადასვლის ნიშანი იყო. მომხდურ-დამხვდური ერთმანეთს შეასკდა და გაიმართა ხელჩართული, სისხლისმღვრელი ბრძოლა. არ ელოდა ამირგუნა ხანი თავზეხელაღებული, თუმცა ერთი მუჭა ქართველების იერიშს, მაგრამ მედგრად დახვედრა არ გასჭირვებია მის მრავალრიცხოვან ლაშქარს.

შუა ბრძოლაში კი უეცრად ჩოჩქოლი ატყდა ყიზილბაშთა უკანა რიგებში. ერევნის ბეგლარბეგის ლაშქარს ზურგიდან შეიარაღებულ ებრაელთა მცირე რაზმი დაესხა თავს. შაჰ აბასის სომეხმა სარდალმა ეს ქართველთა მანევრად მიიჩნია და ალყაში რომ არ აღმოჩენილიყო, უკან დახევის ბრძანება გასცა. ამან კიდევ უფრო გაუადვილა ჯორჯაძეს ყიზილბაშთა ძლევა და შუადღისას საბოლოოდ გატეხა მტრის წინააღმდეგობა.

ყარსამდე სდიეს მაშინ მტერს ქართველმა მეომრებმა და მათმა ებრაელმა მოძმეებმა, მაგრამ მაინც ვერ ჩაიგდეს ხელთ ყიზილბაშთა სახელოვანი სარდალი, რომელმაც ბრძოლის ველიდან სამარცხვინო გაქცევით გადაარჩინა საკუთარი ტყავი.
ყველა ახალი ამბავი
0