როგორ გადიან რეაბილიტაციას მარიუპოლელები რუსეთში

© House of Peoples of Russia
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
სერგეი ლესკოვი
მარიუპოლიდან მოსკოვის მახლობლად სოლნეჩნოგორსკში 11 ოჯახი იმყოფება. ისინი ჰყვებიან, როგორ ცხოვრობენ სპორტულ კომპლექს „ოლიმპში“.

გაგვიმართლა, რომ გადავრჩით

ცენტრის სტუმრები ინტერვიუს დროს ითხოვენ, რომ დაბომბვასა და ნესტიან სარდაფებზე, რომლებშიც კვირების განმავლობაში მოუწიათ ცხოვრება, ბევრი არაფერი ჰკითხონ. ამბობენ, რომ გასახსენებელი ისედაც საკმარისია. ბევრს პირადი ტრაგედია აქვს − დაღუპული ნათესავები, მეგობრები, დანგრეული სახლები.
„ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. უკრაინელი ჯარისკაცები ცუდად გვეპყრობოდნენ. ასე იყო მანამ, სანამ რუსული და დონეცკის ჯარები არ შემოვიდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ შემსუბუქდა მდგომარეობა“, – განაცხადა მარიუპოლის მკვიდრმა სვეტლანა ბელიხმა.
სვეტლანა სარეაბილიტაციო ცენტრში ქალიშვილთან ერთად მივიდა. იქ კაცები არ არიან − მხოლოდ ქალები და ბავშვები. ამბობს, რომ პირველ დღეებში მოსკოვის გარეუბნის სიჩუმეს ვერ ეგუებოდა. საუბრის დროს მოულოდნელად ჩუმდება, როცა ცაში თვითმფრინავს ხედავს. ამბობს, რომ ჯერ კიდევ აქვს შიშის ჩვევა, ხოლო ყველაზე პატარები ტირილს იწყებენ, როცა ეს ხმა ესმით.

„ჩვენთან მუშაობს ფსიქოლოგი, ატარებს ჯგუფურ გაკვეთილებს დედებისთვის, შვილებისთვის. და იცით − ასეთი სეანსების შემდეგ ჩვენთვის ბევრად უფრო ადვილი ხდება ცხოვრება − შიშები ქრება. ვიღაც უკვე დაბრუნდა მარიუპოლში და მონაწილეობს მის აღდგენაში“, − ამბობს სარეაბილიტაციო ცენტრის კიდევ ერთი მცხოვრები ანა კონსტანტინოვა.

ოჯახის წევრივით მიიღეს

ყველა სტუმარი ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა. სამედიცინო სერვისებიდან დამსვენებლები (ცენტრის მცხოვრებლები ითხოვენ, ლტოლვილები არ უწოდონ) ძირითადად მხოლოდ სტომატოლოგს მიმართავენ. თუმცა ვოლონტიორები და კომპლექსის ადმინისტრაცია საჭიროების შემთხვევაში სერიოზული სამედიცინო დახმარების გაწევასაც ახერხებენ.
„მოსკოვში ერთ გოგონას ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია გაუკეთდა, მეორე გოგონას − ყურის შუნტირება. და ეს ყველაფერი უფასოდ გააკეთეს“, – განაცხადა ანა კონსტანტინოვამ.
თითო ოთახში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. აქვთ კონდიციონერი, ტელევიზორი. სართულზე არის სამრეცხაო, საშხაპე ოთახი და პატარა სამზარეულო. და მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერადი კვებაა გათვალისწინებული, როგორც „ოლიმპის“ დირექტორმა პაველ იგნატენკომ განმარტა, ცალკე სასადილო − ეს „რეაბილიტაციის პროგრამის ერთ-ერთი ელემენტია“.
მისი თქმით, სტუმრები ზოგიერთ კერძს თავად ამზადებენ. ბევრი იქ ყოფნის განმავლობაში საქმდება კიდეც და ხელფასს იღებს. ისინი მუშაობენ ადგილობრივ კაფეში, ეხმარებიან ინსტრუქტორებს სპორტდარბაზში და საცურაო აუზში. ეს კეთდება იმისთვის, რომ სტუმრები თანდათან შეეგუონ ჩვეულებრივ მშვიდ ცხოვრებას.
„ეს კეთდება ხალხის გაერთიანების მიზნით. ისინი საკუთარ ყოფას აგებენ და ეს რეალურად ბევრს ეხმარება. ადამიანი თავს გრძნობს არა სტუმრად, არამედ თითქმის სახლში. ამისთვის სარეაბილიტაციო პროგრამაში შრომითი საქმიანობაც შევიდა. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ბევრს ძალიან აწუხებს რაიმეს უფასოდ მიღება, ისინი დისკომფორტს გრძნობენ“, – განმარტა პაველ იგნატენკომ.

დასვენების შემდეგ შინისკენ, ქალაქის აღსადგენად

თუმცა, აქ უამრავი გასართობიცაა. სტუმრების განკარგულებაშია დიდი სპორტული დარბაზი და საცურაო აუზი. ოდნავ მოშორებითაა თვალწარმტაცი სენეჟის ტბა. და, რა თქმა უნდა, ყველა სახის ექსკურსია თითქმის ყოველდღე. ცენტრის სტუმრებმა უკვე მოინახულეს წითელი მოედანი, ცირკი, სხვადასხვა მუზეუმები, აღნიშნეს რუსეთის დღე.
სოლნეჩნოგორსკში მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამა 30 დღეზეა გათვლილი. დამსვენებლების თქმით, მისი დასრულების შემდეგ უკან დაბრუნებას გეგმავენ, ამბობენ, რომ სახლში ბევრი საქმე აქვთ, ქალაქის აღდგენაა აუცილებელი.
ახლა სარეაბილიტაციო ცენტრი მარიუპოლიდან სტუმრების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება − უკვე ზედიზედ მესამედ.
ყველა ახალი ამბავი
0