Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: ბოლო პერიოდში მძიმე პაციენტები გადარჩნენ დროზე დაწყებული მკურნალობით

© press-service of Infectious Diseases and AIDS Centerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
სპეციალისტები საზოგადოებას კვლავ სიფრთხილისკენ, ვაქცინაციის ჩატარებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ჩვენ დღეს ეფექტიანი მკურნალობა გვაქვს, ბოლო პერიოდში ისეთი მძიმე პაციენტები გადარჩნენ დროზე დაწყებული მკურნალობით, ეს რომ მოსახლეობამ გაითავისოს და გაიაზროს, ერთი კაცი არ დარჩება ისეთი, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები დაეწყება და ტესტს არ გაიკეთებს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, სიმპტომების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ გაიკეთონ ტესტი, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყონ მკურნალობა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით – „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“. ასეთ დროს რეანიმაციაში მოხვედრის ან ფატალური შედეგის დადგომის შანსი თითქმის არ არსებობს.

„პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“ უნდა მიიღონ 65 წელს ზემოთ ასაკის პირებმა იმისგან დამოუკიდებლად, როგორია სიმძიმე და აქვთ თუ არა სხვა დაავადებები. ასევე უფრო ახალგაზრდებმა, ვისაც აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები. ეს არის გარანტია, არ განიცადოთ ის კოშმარი, რასაც ჰქვია რეანიმაცია და არ დადგეს ლეტალური შედეგი“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველი არხის" ეთერში.

ცერცვაძის ინფორმაციით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაათმაგდა, რაც, ერთი მხრივ, დაკავშირებულია უცხოეთში მოგზაურობასთან; მეორე მხრივ, რაც დრო გადის, ძალას კარგავს კორონავირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი.
„კიდევ ერთი ფაქტორი „ომიკრონის“ ახალი შტამებია. ამ ქვეშტამებს აქვთ მეტი უნარი, რომ დაუსხლტნენ იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ გამომუშავებული „დელტა“ შტამის ან „ომიკრონის“ მიმართ“, – განმარტა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.
ცერცვაძის თქმით, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ უფრო სერიოზული შტამი არ გამოჩენილა და ეს იძლევა იმედს, რომ, შესაძლოა, პანდემია სწორედ „ომიკრონის“ შტამით დამთავრდეს.
როგორ ავირიდოთ კორონავირუსის ახალი ტალღა? ინფექციონისტის რჩევები>>
ბოლო დღეებში ქვეყნის კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობამ იმატა. ეპიდემიოლოგებმა საქართველოში „ომიკრონის" შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 ივნისის ბოლოს გამოავლინეს, რომლისთვისაც უფრო სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი. სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება.
მანამდე საქართველოში ძირითადად ცირკულირებდა „ომიკრონის" ქვეტიპი B.A.2. ახალი ქვეტიპი, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, აისახა სტატისტიკაზეც – ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 500-ს შეადგენდა, ბოლო კვირაში კი 2.570-ს მიაღწია.
სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ, ვაქცინაციის ჩატარებისკენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისთვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ახალი, „ომიკრონის" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები ცირკულირებდა.
ყველა ახალი ამბავი
0