ყველაფერი ბათუმში გადაწყდება - „სლოვანისა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა ფრედ დასრულდა

© courtesy of FC Dinamo Batumi"დინამო" ბათუმი
დინამო ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
საპასუხო შეხვედრა ბათუმში 13 ივლისს გაიმართება, გამარჯვებული გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშსა“ და ყაზახურ „ტობოლს“ შორის უკეთესს შეხვდება.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავის „სლოვანთან“ გასვლითი მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა.
ბრატისლავაში მატჩი თანაბრად, გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს, თუმცა მეკარეების კარგი თამაშის წყალობით ანგარიში არ გახსნილა. შეხვედრის 42-ე წუთზე ბათუმის „დინამო“ 10 კაცით დარჩა, კაპიტანმა მამუკა კობახიძემ ბარსეგიანთან იუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში კაცნაკლულმა ბათუმის „დინამომ“ მეტოქის კარში 4-ჯერ მოახერხა დარტყმა. თავის მხრივ, სლოვაკებმა მეორე ტაიმში ბათუმელთა კარში 2 ზუსტი დარტყმა განახორციელეს, თუმცა ლაზარე კუპატაძემ „დინამო“ ორივე შემთხვევაში იხსნა გოლისგან.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ქართველი ფეხბურთელები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. ამასთან, „სლოვანში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა.
აღსანიშნავია, რომ უგოლო ფრეს შემდეგ „სლოვანის“ ფეხბურთელები ადგილობრივმა გულშემატკივარმა მოედნიდან სტვენით გააცილა – ქომაგების უკმაყოფილება სლოვაკური გუნდის თამაშის ხარისხმა გამოიწვია.

„ვიცოდით, რომ „დინამოს" სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებული და მაღალი დონის ტექნიკა აქვთ. ასეთი მეტოქის დამარცხების შანსები ჩვენ დღეს არ გვქონდა. თანამედროვე ფეხბურთში გადამწყვეტი მნიშვნელობა ფიზიკურ მომზადებასა და მდგომარეობას აქვს, ამ მხრივ ისინი ჩვენზე უკეთესი იყვნენ“, – განაცხადა „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბათუმის „დინამო“ ბრატისლავის „სლოვანს“ 13 ივლისს უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშსა“ და ყაზახურ „ტობოლს“ შორის უკეთესს შეხვდება.
დღეს კონფერენს-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს.
თბილისის „დინამო“ ესტონურ „პაიდესთან“ ითამაშებს, „დილა“ ფინურ „კუპსს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ ალბანურ „პარტიზანს“ დაუპირისპირდება. „დინამო“ და „საბურთალო“ პირველ მატჩებს მასპინძლის რანგში გამართავენ, „გორი“ კი ფინეთში ითამაშებს.
კონფერენს-ლიგის საპასუხო მატჩები 14 ივლისს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0