რამდენ წუთში შეიძლება გადაედოს ადამიანს „ომიკრონი“? ჩხაიძის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
საქართველოში „ომიკრონის“ შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოში მომდევნო კვირაშიც თუ დაფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლის გაორმაგება, მაშინ ზაფხულის პერიოდში კოვიდ-შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
ბოლო დღეებში ქვეყნის კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობამ იმატა. ეპიდემიოლოგებმა საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 ივნისის ბოლოს გამოავლინეს, რომლისთვისაც უფრო სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი. სპეციალისტების მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება.
მანამდე საქართველოში ძირითადად ცირკულირებდა „ომიკრონის“ ქვეტიპი B.A.2. ახალი ქვეტიპი, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, აისახა სტატისტიკაზეც – ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 500-ს შეადგენდა, ბოლო კვირაში კი 2.570-ს მიაღწია.

„თუ ადრე ვამბობდით, რომ 15-წუთიანი კონტაქტია საჭირო, რათა კორონავირუსი ინფიცირებულიდან ჯანმრთელ ადამიანს გადაედოს, „ომიკრონის“ შემთხვევაში ინფექციის გადადება შეიძლება 1 წუთის განმავლობაში მოხდეს“, – განაცხადა ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
როგორ ავირიდოთ კორონავირუსის ახალი ტალღა? ინფექციონისტის რჩევები.>>
სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ, ვაქცინაციის ჩატარებისკენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისთვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ახალი, „ომიკრონის“ შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები ცირკულირებდა.
ყველა ახალი ამბავი
0