დედაქალაქი Tbilisi Jazz Festival-ს მასპინძლობს

© courtesy of Tbilisi Jazz Festival / George Nakashdzeგიტარისტი პეტ მეტინი ფესტივალზე
გიტარისტი პეტ მეტინი ფესტივალზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. რიგით 25-ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი (Tbilisi Jazz Festival) მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს 7-9 ივლისს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს ფესტივალი Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში ტარდება. ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება.
ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს ფოიეში მოეწყობა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „როგორ მესმოდა...“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს, ტრადიციულად, სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ.
7 ივლისი – სცენაზე წარდგება 5 გრემის მფლობელი დაიანა რივზი (Dianne Reeves) ბენდთან ერთად: ჯონ ბისლი, რომერო ლუბამბო, იტაიგურა ბრენდაო და ტერეონ გული.
8 ივლისი – მსმენელის წინაშე თავისი „მისტიკური პროექტით“ წარდგება „კროსკურენტს ტრიო“ (Crosscurrents Trio) – დეივ ჰოლანდი (ბრიტანელი დრამერი), კრის პოტერი (ამერიკელი ჯაზ-საქსოფონისტი და მულტიინსტრუმენტალისტი) და ზაქირ ჰუსეინი (ინდოელი მუსიკოსი, ტაბლზე დაკვრის ოსტატი).
9 ივლისი – დასკვნითი კონცერტი – ჯაზის ლეგენდა ვიჯეი აიერი (Vijay Iyer), ავსტრალიელი ჯაზ-ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ (Linda May Han Oh) და დრამერი ტაიშონ სორეი (Tyshawn Sorey).
ფესტივალის დღეებში, რომელიც თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, კომპანია „აუდიო ლაბი“ ვინილების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს.
ფესტივალზე ასევე გამოვლენ ქართველი მუსიკოსები, კერძოდ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები. გარდა კონცერტებისა, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები და დაესწრონ კინოჩვენებებს.
19:30 საათზე დარბაზში „ჯაზსინემა“ კახა თოლორდავას ფილმის - „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება მოეწყობა.
მაყურებელი ასევე იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს - „კვინსი“. პარალელურად დარბაზში „ჯაზლაბი“ სტუმრები კონსერვატორიის ჯაზ-ფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.
21:00 საათიდან მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.
23:00 საათიდან სივრცეში „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე მუსიკოსი კარლო კაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარდგებიან.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია www.tkt.ge-ზე.
თბილისში ჯაზის ფესტივალი პირველად ჯერ კიდევ 1978 წელს ჩატარდა. ტრადიცია 1998 წელს აღადგინა კომპანია Eastern Promotions-მა, რომელიც ოთხმა მეგობარმა ენთუზიასტმა დააფუძნა. მისი წყალობით საქართველოს დედაქალაქის სცენაზე მთელი მსოფლიოდან ჯაზის არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა.
ყველა ახალი ამბავი
0