ოზურგეთი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს

© courtesy of Ozurgeti Drama Theaterოზურგეთის თეატრი
ოზურგეთის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
ქართულ თეატრებთან ერთად ფესტივალში რვა უცხოური თეატრიც მონაწილეობს.
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ფესტივალში თბილისიდან და რეგიონებიდან 15 თეატრი მონაწილეობს, რომლებიც მაყურებლის წინაშე 17 სპექტაკლით წარდგებიან. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მასპინძელი თეატრი არ მონაწილეობს.
რაც შეეხება უცხოურ თეატრებს, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება უკრაინის, პორტუგალიის, თურქეთის, ყაზახეთის დასები – ჯამში რვა უცხოური თეატრი. ისინი მაყურებლის წინაშე ცხრა სპექტაკლით წარდგებიან.
ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია არა მარტო დატვირთული პროგრამით, არამედ მასშტაბურობით. პუბლიკა ოზურგეთის თეატრის სამ სხვადასხვა დარბაზში იხილავს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ 26 სპექტაკლს.
ფესტივალზე წარმოდგენილია საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თეატრის პროფესიონალი კრიტიკოსები და ექსპერტები. ჟიური გამარჯვებულებს ცხრა ნომინაციაში გამოავლენს. ფესტივალის მთავარი პრიზი – ნოდარ დუმბაძის პრიზი 10 ათასი ლარია.
ფესტივალი რეჟისორ რობერტ სტურუას გამოსვლით გაიხსნა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი „ვანო და ნიკო“ ითამაშეს. ფესტივალის გახსნას ესწრებოდა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი 15 ივლისს ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „რესპუბლიკა გურია“ დაიხურება, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია.
სპექტაკლებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ისე პორტალზე www.biletebi.ge
ყველა ახალი ამბავი
0