გია გეგუჩაძე: ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ყველაფერი ბათუმში გადაწყდება

© photo: Sputnik / Aleksei Filipov / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
დღეს ბრატისლავის „სლოვანისა“ და ბათუმის „დინამოს“ პირველი მატჩი სლოვაკეთში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ბათუმის „დინამო“ ბრატისლავის „სლოვანთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მეტოქეზე და შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა.
ქართველი სპეციალისტის ვარაუდით, გადამწყვეტი იქნება საპასუხო შეხვედრა, რომელიც ბათუმში 13 ივლისს გაიმართება.

„უდავოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს და გუნდურადაც საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს გამარჯვების სურვილი, წინ ორრაუნდიანი დაპირისპირებაა და, ვფიქრობ, ხვალ არაფერი გადაწყდება. საბოლოო შედეგი ბათუმში უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა გეგუჩაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბრატისლავის „სლოვანში“ სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება. სლოვაკური გუნდის ღირსებას ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და კლუბში ახლახან ჩარიცხული ჩაკვეტაძე იცავენ. ამასთან „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერ ვაისი.
„სლოვანისა“ და ბათუმის „დინამოს“ პირველი მატჩი დღეს სლოვაკეთში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, განმეორებითი შეხვედრა კი ბათუმში 13 ივლისს შედგება.
აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშსა“ და ყაზახურ „ტობოლს“ შორის უკეთესს შეხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0