გეგეშიძის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

© courtesy of Miho Neiman სკვერი
სკვერი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
კახა კალაძის თქმით, ამჟამად ბაღში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, თუმცა უახლოეს მომავალში ყველაფერი განახლდება და მოწესრიგდება.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ამჟამად ეს ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„თავად ბაღი პატარა ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაიზარდოს მწვანე ნარგავების ფართობი, დაირგოს ხე-მცენარეები, მოწესრიგდეს სარწყავი სისტემა, დამონტაჟდეს განათების სისტემა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბაღში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, თუმცა უახლოეს მომავალში ყველაფერი განახლდება და მოწესრიგდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა ადამიანს, რომელიც აღნიშნული სივრცით სარგებლობს, ძალიან მოეწონება... ყველა რეაბილიტირებული პარკი თუ სკვერი საღამოობით სავსეა მოქალაქეებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თბილისს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება, რასაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მერმა განაცხადა, დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა – დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პარკში გაკეთდა შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები. ამასთან, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა რულონური ბალახის დაგებასა და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.
პროექტის ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, გარემონტდა სპორტული მოედანი წყნეთში. თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი 960 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ამ პროექტის ღირებულებამ კი 274 ათასი ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0