ზუროსი: თამაშის წინ მივხვდი, რომ ერთად ბრძოლა და გამარჯვება შეგვეძლო

© photo: Sputnik / Stringerილიას ზუროსი
ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფის შეხვედრები 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის გუნდის დამარცხების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრა მოიგო – ქართველებმა ესპანეთი ოვერტაიმში ანგარიშით 82:76 დაამარცხეს.
ზუროსმა თითოეულ კალათბურთელს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ახალ სპორტის სასახლეში შეკრებილმა ქომაგმა მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ახალ დარბაზში პირველ თამაშზე მოვიდნენ და საოცარი ატმოსფერო გვაჩუქეს. მათგან უდიდესი მუხტი მივიღეთ. ამაყი ვარ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. დღეს, დილით ვიგრძენი, რომ მოვიგებდით. როდესაც დავინახე ქართველი მოთამაშეების თვალები, მათი სულისკვეთება, მივხვდი, რომ ერთად ბრძოლა და გამარჯვება შეგვეძლო“, – განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფის შეხვედრები 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და შემდეგ ეტაპზე მე-2 ადგილიდან გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდს 2 გამარჯვება გადაჰყვება (ესპანეთთან და უკრაინასთან).
მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში ესპანეთი, საქართველო და უკრაინა გავიდნენ, სადაც თამაში იტალიის, ისლანდიისა და ნიდერლანდის ნაკრებებთან მოუწევთ. მომდევნო ეტაპის პირველი თამაშები ევრობასკეტის წინ – 24 და 27 აგვისტოს ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისი, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) უმასპინძლებენ. პლეი-ოფის მატჩები სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება. A ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.
ყველა ახალი ამბავი
0