საქართველოში ინფლაცია მაღალ დონეზე რჩება - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსავაჭრო ცენტრი
სავაჭრო ცენტრი  - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რათა ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები არ შეიქმნას.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ივნისში, გასული წლის ივნისთან შედარებით) 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
წელიწადზე გადაანგარიშებით ფასები გაიზარდა კომუნალურ მომსახურებაზე (13%), ტრანსპორტზე (19,4%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (14%), ჯანდაცვაზე (1,2%). ივნისში სურსათზე ფასები წლიური 21,8%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად გაძვირდა პური და პურპროდუქტები – 35%-ით, შაქარი – 14,9%-ით, რძე და კვერცხი – 19,5%-ით.
2022 წლის ივნისში, მაისის პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა. მაისში ინფლაციამ 1,1% შეადგინა.
რატომ იზრდება ფასები
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოში ფასების ზრდა დაკავშირებულია ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციასთან.

„მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. იმპორტის მოცულობა ორჯერ და უფრო მეტად აჭარბებს ექსპორტს... ჩვენ მდგომარეობაზე მოქმედებს მსოფლიო ბაზარზე ამა თუ იმ საქონელზე ფასების ცვლილება“, – განაცხადა არჩვაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საქართველო ღრმადაა ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში. ქვეყანას 140-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს სავაჭრო ურთიერთობები. თუმცა, არსებული უპირატესობების პარალელურად ყოველივე ამას ნეგატიური მხარეც აქვს.
ექსპერტის მტკიცებით, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა თავიდან დაკავშირებული იყო კორონავირუსის პანდემიასთან, შემდეგ კი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან.

„არის გაურკვევლობის, არასტაბილურობის რისკი. ყოველივე ეს მოქმედებს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე. პროდუქციის ექსპორტიორმა ბევრმა ქვეყანამ სცადა გარკვეული სარგებლის მიღება. ზოგიერთმა საბაჟო ტარიფების, მოსაკრებლების სახით დამატებითი შეზღუდვები შემოიღო, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა ფასები მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა არჩვაძემ.

როდის მიაღწევს ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.

„ეროვნული ბანკი აკეთებს ყველაფერს, რათა არ დაუშვას ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები და ამ მიმართულებით მან გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ამიტომაც ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის დონე კლებას დაიწყებს და, როგორც პროგნოზირებული იყო, მომავალი წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება, რაც განსაზღვრული იყო ეროვნული ბანკის მხრიდან“, – განაცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან.

თუმცა, ფინანსთა მინისტრმა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ის გამოწვევები, რაც რეგიონში, მსოფლიოში არსებობს, არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი ნამდვილად მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს.
„რაღაც კიდევ თუ შეიცვლება გეოპოლიტიკური მიმართულებით, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით, ბუნებრივია, ეს გარკვეულ ასახვას ჰპოვებს ინფლაციის მაჩვენებელზე. მაგრამ, მეორე მხრივ, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფლაციის მოთოკვა იმგვარად, რომ ეს არ გადაიზარდოს გრძელვადიან მოლოდინებში და ინფლაციის მაჩვენებელი თანდათანობით დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ინფლაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. მაგალითად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში – ევროკავშირსა და აშშ-ში ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა.
რას ვარაუდობს ეროვნული ბანკი, ანუ როდემდე გაიზრდება ფასები?>>>
მინისტრის თქმით, არსებობს ე.წ. გადაცემის ეფექტი: ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ ინფლაციაში არის საწვავი და, ზოგადად, ნავთობპროდუქტები, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ფასები გაზრდილია ნავთობზე, ნავთობპროდუქტზე და ეს არაპირდაპირ ასახვას ჰპოვებს სხვა პროდუქტების ფასებზე.
მეორე ჯგუფი, რომელზეც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული გაზრდილი ინფლაცია, ეს არის სასურსათო პროდუქტები, რაზეც ასევე ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება ყველა ქვეყანაში.
„ბუნებრივია, ამას გარკვეულწილად აბალანსებს ადგილობრივი პროდუქცია, თუმცა ინფლაციის გადმოდინება მოხდება იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა ხუციშვილმა.
რა ზომებს იღებს ეროვნული ბანკი
რეგულატორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზარდი ინფლაციური რისკების ფონზე ბოლო დროს რეფინანსირების განაკვეთი თანდათანობით იზრდებოდა, ხოლო მონეტარული პოლიტიკა გამკაცრების ფაზაშია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 22 ივნისს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11,0 პროცენტს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. თუ ინფლაციური მოლოდინები მეტად გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეს-რელიზში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პოზიცია კვლავ მაღალი ინფლაციის შემცირებისკენ არის მიმართული.
„ოფიციალური ორგანოები ცდილობენ გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების გაძლიერებას და საქართველოს ცენტრალური ბანკის საკომუნიკაციო სტრატეგიის გაუმჯობესებას. ისინი გაუმკლავდნენ სანქციების თავდაპირველ ზემოქმედებას. ცენტრალური ბანკი მოითხოვს ბანკებისგან, დაიცვან საერთაშორისო სანქციები, რაც შეზღუდულ რისკებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ყველა ახალი ამბავი
0