გიორგი ჩაკვეტაძე ყოფილ მწვრთნელთან დაბრუნდა - ქართველი ფეხბურთელი „სლოვანში“ ითამაშებს

© photo: Sputnikგიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის „სლოვანს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, ის 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბელგიური „გენტიდან“ სლოვაკეთში, ბრატისლავის „სლოვანში“ გააგრძელებს.
გიორგი ჩაკვეტაძე „სლოვანს“ ერთწლიანი იჯარის წესით შეუერთდა, სადაც 70-ნომრიან მაისურს მოირგებს.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკურ გუნდს საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, რომელიც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. ამავე კლუბის ღირსებას იცავენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ამასთან, „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქეა.
ბრატისლავის „სლოვანის“ თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სლოვაკი ჟურნალისტების წინაშე გიორგის შესახებ ილაპარაკა. ვლადიმირ ვაისი დარწმუნებულია, რომ გიორგი მის გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„როცა ის 18-19 წლის იყო, ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი მარტომ მოიგო 4 გოლით და 4 საგოლე პასით. სამწუხაროდ, 2,5 წლის წინ მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა და ამან შეაჩერა. ახლა ის ფიზიკურად მზადაა. ძალიან კარგი ტრანსფერი განვახორციელეთ. გიორგის უზარმაზარი პოტენციალი აქვს და, დარწმუნებული ვარ, თუ ჯანმრთელად იქნება, ყველას გაგვახარებს", – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

თავის მხრივ, გუნდში არსებულ ატმოსფეროსა და საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა თავად ფეხბურთელმაც. ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ ის მზადაა გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.
„გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, რომლებიც ნაკრებში ჩემი თანაგუნდელები არიან, „სლოვანი“ კარგად დამიხასიათეს. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ შეხვედრა არა მხოლოდ მათთან, ყველა ახალ თანაგუნდელთან მსურს. ასევე კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულ ნაკრებში თამაში დავიწყე. ვიცი, რას ითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორი ფეხბურთი მოსწონს“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ „გენტში“ 2017 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა და კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჩაკვეტაძემ ბელგიურ კლუბში ჯამში 80 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 18 საგოლე პასი მიითვალა.
ჩაკვეტაძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით მეორე ბუნდესლიგის „ჰამბურგში“ გაატარა, რომლის მაისურით ყველა ტურნირის 12 შეხვედრაში ითამაშა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ გერმანულმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის ჩემპიონები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი ბათუმში 13 ივლისს შედგება.
ყველა ახალი ამბავი
0