ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამივე პირი დამნაშავედ ცნეს

© photo: Sputnik / Stringerციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სახლის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლების დემონტაჟმა გამოიწვია.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო.
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – აღნიშნულ კორპუსში პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბუდაგოვის ადვოკატ რამინ პაპიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.

„საერთო ჯამში სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს… არ ვეთანხმებით ექსპერტიზის დასკვნას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიღებულ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

აღნიშნულ პირებს ბრალი წარდგენილი აქვთ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ სადარბაზოს ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია. ბრალდების მხარის მტკიცებით, კორპუსის ნგრევა მზიდი კედლების მოშლამ განაპირობა.
ყველა ახალი ამბავი
0