ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობიდან გათავისუფლდა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი
ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
გიორგი ერმაკოვს პროკურატურა 1,4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. მას შვიდ წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადვოკატი ლევან მახარაშვილი ავრცელებს.
საქმე ეხება ბიუჯეტიდან 1,4 მილიონი ლარის მითვისებას, რომელიც „იაფი სახლის" პროექტისთვის იყო განკუთვნილი. გიორგი ერმაკოვთან ერთად ბრალი წარდგენილი ჰქონდათ აგრეთვე აჭარის მთავრობისა და მერიის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს. ისინი 2019 წლის 30 მაისს დააკავეს.
„უკანონოდ მსჯავრდებული ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს ერმაკოვის ადვოკატი.
ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მისმა ადვოკატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის გადაწყვეტილებითაც გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

საქმის დეტალები

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი პროექტ "იაფი სახლის" ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ზემოხსენებულმა პირებმა, რომლებიც იმ დროს ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები იყვნენ და მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდნენ.
ტენდერის პირობების თანახმად, შენობის მშენებლობისას უნდა გამოეყენებინათ მსუბუქი ფოლადისგან დამზადებული თხელი კონსტრუქციები. ამასთან, ტენდერის გამოცხადებამდე კომისიის წევრებმა იცოდნენ, რომ მსგავს შენობებს აშენებდა საქართველოში რეგისტრირებული მხოლოდ ერთი კომპანია, რომელსაც ასეთი პროექტის განხორციელება ადრეც შესთავაზეს.
ტენდერი გამოცხადდა ბაზრის ფასების კვლევის გარეშე, მხოლოდ ხსენებული კომპანიის საპროექტო და საანგარიშო დოკუმენტაციის საფუძველზე.
შედეგად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ – Convent Georgia-მ, რომელიც უცხოური საწარმოს ფილიალია.
გამოძიების ცნობით, ტენდერში კომპანია Convent Georgia-მ გაიმარჯვა. მან თანხა მას შემდეგ მიიღო, რაც კომისიას წარუდგინა შეთანხმების საბანკო უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც ლონდონში დარეგისტრირებულმა Point Bank LTD-მ გასცა. როგორც პროკურატურამ გამოარკვია, Point Bank LTD არ არის ბანკი, უფრო მეტიც, იგი არააქტიური კომპანიაა.
ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ ბათუმის მაშინდელმა მერმა გიორგი ერმაკოვმა არჩილ ვანაძეს, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს დაავალა Point Bank LTD-ს საიმედოობის, გადახდისუნარიანობისა და რეიტინგის შესწავლა. ამ უკანასკნელმა გაარკვია, რომ კომპანიას რეიტინგი არ ჰქონდა.
იმავდროულად ბათუმის მერიამ მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საბანკო გარანტია უნდა გაეცა მხოლოდ საიმედო საერთაშორისო ან ქართულ კომერციულ ბანკს.
პროკურატურის მტკიცებით, ერმაკოვმა და სატენდერო კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს ეროვნული ბანკის რჩევა და ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, შეეჩერებინათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Convent Georgiа-სთან, ეს ნაბიჯი მაინც გადადგეს. ხელშეკრულება 4,3 მილიონი ლარის ოდენობის თანხაზე გაფორმდა.
ამის შემდეგ Convent Georgiа-მ მერიას Point Bank LTD-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტია წარუდგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ეგარსლან ლომაძემ (მერიის ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსი) და მისმა მოადგილემ არჩილ ვანაძემ იცოდნენ, რომ Point Bank LTD ბანკი არ იყო და მის მიერ გაცემული საბანკო გარანტია საიმედო საბუთს არ წარმოადგენდა, მაინც გადარიცხეს Convent Georgiа-ს ანგარიშზე 1,6 მილიონი ლარი ავანსის სახით.
კომპანიამ, თავის მხრივ, შეასრულა მხოლოდ 251,1 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სერიოზულად იზარალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობდა – „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა" და „სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“.
ყველა ახალი ამბავი
0