ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები 2021 წლის ქონების გადასახადს არ გადაიხდიან

კაფე - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
შეღავათით 1.200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები გათავისუფლდნენ 2021 წლის ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, შეღავათით 1.200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს.
შეღავათით ისარგებლებენ: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. ამასთან, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.
შემოსავლების სამსახურში ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ცვლილებას COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პირობებში განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.
ტურიზმის სექტორში დასაქმებული მეწარმეების ქონების გადასახადისგან გათავისუფლების საკითხზე კომენტარი ეკონომიკის სამინისტროშიც გააკეთეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ტურიზმის სექტორისთვის, რომელიც კოვიდ-პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

„საუბარია ჯამში 40 მლნ ლარის ოდენობის დახმარების პაკეტზე, რომელიც ქონების გადასახადის ჩამოწერას უკავშირდება. ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო კერძო სექტორის გაძლიერებას და ტურიზმის სწრაფად აღდგენაში დიდი როლი ითამაშა", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეღავათით სარგებლობის მიზნით გადასახადის გადამხდელები წარმოადგენენ ქონების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციას, სადაც აისახება დაბეგვრისგან გათავისუფლებული შესაბამისი ქონება.
კორონავირუსის პანდემიამდე, რომელმაც ტურიზმის სფერო განსაკუთრებით დააზარალა, ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა. ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღორძინებისთვის ამ სფეროს აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმის დახმარება 2020 წელს, პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0