„თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის საქმე: რას არ ეთანხმება პროკურატურა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
სასამართლომ „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და დევნის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი ნაწილობრივ გაამართლა
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და დევნის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი ნაწილობრივ გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუბარია 2021 წლის ივლისში „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმები განახორციელეს. ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე, მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.
სამივე პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა).
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამივეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
2022 წლის 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ყველა ბრალდებული სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად) და სასჯელის სახედ თითოეულ მათგანს მიესაჯა ჯარიმა - 15000 ლარის ოდენობით, ჯარიმის ნაწილი - 10000 ლარი - ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით ჩაეთვალათ მოხდილად და საბოლოოდ ჯარიმა - 5000 ლარი განესაზღვრათ.
ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0