მატჩის დღე - ქართველი კალათბურთელები დღეს ესპანელებს დაუპირისპირდებიან

© photo: Sputnik / Stringerკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა დღეს 19:00 საათზე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას დღეს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ახალაშენებულ დარბაზში, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება და ეს იქნება პირველი ოფიციალური სპორტული ღონისძიება, რომელსაც ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
საკვალიფიაციო G ჯგუფში უკვე გარკვეულია ის სამი ნაკრები, რომლებიც ბრძოლას მეორე ეტაპზე გააგრძელებენ. საქართველოსა და ესპანეთის გარდა, შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა უკრაინამაც. შესარჩევი ეტაპის პირველ ეტაპზე ყველაფერი გარკვეულია, თუმცა მოწინავე სამეულის შედეგები მომდევნო ჯგუფშიც გადადის და, შესაბამისად, საქართველო-ესპანეთის მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პრაქტიკულად არ არის ცვლილებები უკრაინასთან მატჩის შემდეგ. ესპანეთთან შეხვედრაში ისევ ვერ მიიღებს მონაწილეობას „ინდიანა პეისერსის“ ცენტრი გოგა ბითაძე (მის ნაცვლად განაცხადში ბექა ბექაური იქნება). ის სწორედ უკრაინასთან მატჩის წინ ვარჯიშზე დაშავდა. ჯერ უცნობია მხოლოდ ერთი პოზიცია – უკრაინელებთან მატჩის ბოლოს თითის ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ და არ არის გამორიცხული, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მას დასვენების საშუალება მისცეს.
არსებული წინასწარი ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრები მოედანზე რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე გამოვა.

„ესპანეთს ჯგუფში მაქსიმალური შედეგი აქვს და ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს შეკრებილი. უკრაინასთან მატჩი საჩვენოდ არ წარიმართა, ახლა კი გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ახალ დარბაზში პირველ შეხვედრას ჩავატარებთ. ველოდებით, რომ არენა სავსე იქნება და ქომაგისგან მხარდაჭერას მივიღებთ“, – განაცხადა ზუროსმა მატჩის წინ.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება 4 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება. საკვალიფიკაციო G ჯგუფს 4-დან 4 მოგებით ესპანეთი ლიდერობს, საქართველოს კი 5 ტურში 3 გამარჯვება აქვს. მესამე ადგილზე უკრაინაა 2 მოგებით, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ ყველა შეხვედრა დათმო და ბოლო პოზიციას იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0