მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რომის პაპმა გავრცელებული ხმები უარყო

© AP Photo / Thanassis Stavrakisრომის პაპი ფრანცისკი
რომის პაპი ფრანცისკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. უახლოეს ხანებში გადადგომას არ ვგეგმავ, ვაპირებ ამ თვეში კანადას ვეწვიო და იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ მოსკოვსა და კიევში წასვლასაც შევძლებ, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რომის პაპმა გამოცემასთან საუბრისას ასევე უარყო გავრცელებული ხმები მისი კიბოთი ავადმყოფობის შესახებ.
„ექიმებს ჩემთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამთ“, − იხუმრა მან.
მანამდე მასმედიით გავრცელდა ვარაუდები, რომ აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი რამდენიმე მოვლენა შესაძლოა ფრანცისკის თანამდებობიდან გადადგომას მოასწავებდეს. საუბარია მსოფლიო კარდინალებთან შეხვედრაზე, რომელზეც ვატიკანის ახალ კონსტიტუციაზე იმსჯელებენ, ასევე ახალი კარდინალების დანიშვნასა და იტალიის ქალაქ ლ’აკუილაში ვიზიტზე.
ქალაქი ლ’აკუილა ცნობილია იმით, რომ პაპი სელესტინ V 1294 წელს სწორედ იქ გადადგა პაპის ტახტიდან, ხოლო ბენედიქტ XVI ქალაქს გადადგომამდე (2013 წ.) ოთხი წლით ადრე ეწვია.

„ამ დამთხვევებმა ზოგს გარკვეული აზრებისკენ უბიძგა, მაგრამ მსგავსი რამ თავში არასდროს მომსვლია. ამ დროისათვის არა, ნამდვილად არა“, − განუცხადა პონტიფიკოსმა სააგენტოს.

ამასთან ფრანცისკმა არ გამორიცხა, რომ ოდესმე შესაძლოა მართლაც დატოვოს თანამდებობა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა „ეკლესიის მართვის შესაძლებლობას არ მისცემს“.
შეკითხვაზე, მისი აზრით, როდის შეიძლება ეს მოხდეს, პაპმა უპასუხა: „არ ვიცი. ღმერთი მეტყვის“.
რომის რიგით 266-ე პაპი ფრანცისკი ამ დროისათვის 86 წლისაა. ის 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურად. იგი პირველი იეზუიტი და მეორე არაევროპელი პაპია სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0