ექვსი მავნე ინგრედიენტი კბილის პასტაში: რას უნდა მოერიდოთ - დადგენილია კვლევებით

© Pexels / Pavel Danilyukკბილების ხეხვა
კბილების ხეხვა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. კბილის პასტა მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროდუქტია, რომელიც დღეში რამდენჯერმე გამოიყენება. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რისგან არის დამზადებული და რა ინგრედიენტებს უნდა მოერიდოთ, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სწრაფად გაიხეხავთ კბილებს, პასტის მცირე რაოდენობა მაინც ხვდება ორგანიზმში.
მედიკოსების რეკომენდაციით, საჭიროა მოერიდოთ ისეთი პროდუქტების ყიდვასა და გამოყენებას, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს შეიცავს.
კბილის პასტა და ჯაგრისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2020
შექმნილია უნიკალური კბილის პასტა გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად
ხელოვნური საღებავები − ისინი მიიღება ნავთობის ან კუპრისგან, რომლებიც კიბოს განვითარების მაღალ რისკთან ასოცირდება. ეს ნივთიერებები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, თუ ყოველდღიურად მცირე რაოდენობითაც კი გადაგეყლაპებათ.
ექსპერტები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ ბუნებრივი საღებავის შემცველ პასტებს: მაგალითად, კურკუმას ფხვნილით ან ჭარხლით „გაფერადებულს“.
იმის გასარკვევად, შედის თუ არა კბილის პასტაში ხელოვნური საღებავები, ნახეთ შეფუთვაზე, ხომ არ არის ნახსენები შემცველობაში FD&C ან D&C, რასაც მოჰყვება ფერი და ნომერი: მაგალითად, FD&C წითელი No. 40.
დიეთანოლამინი (DEA) − ქიმიკატი, რომელიც პირადი ჰიგიენის ბევრ პროდუქტში, მათ შორის, კბილის პასტაშიც გამოიყენება. ის ხელს უშლის კბილებზე ქვების წარმოქმნას, მაგრამ აქვს გარკვეული უარყოფითი მხარეები.
აშშ-ის სტომატოლოგიური ასოციაციის (ADA) რჩევით, დიეთანოლამინის შემცველი კბილის პასტები ჯობს არ გამოიყენოთ. საქმე ისაა, რომ მას შეუძლია სხვა ინგრედიენტებთან რეაქციით ნიტროზამინები წარმოქმნას, რომლებიც ტოქსიკურია ადამიანისთვის. გარდა ამისა, ის ასევე შეიძლება იყოს კანცეროგენული და გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით, გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებში.
ნატრიუმის ლაურილსულფატი (SLS) − მკვლევარებმა არაერთხელ სცადეს, დაედგინათ SLS-ის კავშირი კანის გაღიზიანებასა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან. აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტო მას უსაფრთხოდ მიიჩნევს, ვინაიდან არცერთ სამეცნიერო კვლევას არ უჩვენებია, რომ SLS კიბოს ან სხვა სერიოზულ დაავადებებს იწვევს. თუმცა დადასტურებულია, რომ ნატრიუმის ლაურილსულფატი პირის ღრუს წყლულებს აჩენს, ამიტომ უმჯობესია თავი აარიდოთ მას, თუ ეს შესაძლებელია.
ტრიკლოზანი − ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელსაც ხშირად უმატებენ კბილის პასტას. დადასტურებულია, რომ ის არღვევს ჰორმონალურ ბალანსს. ტრიკლოზანი წარსულში ფართოდ გამოიყენებოდა როგორც პესტიციდი, რამაც უნაყოფობა და სხვა პრობლემები გამოიწვია ცხოველებში.
სამეცნიერო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ტრიკლოზანი არღვევს ნაწლავის მიკრობიომს. აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ 2016 წელს აკრძალა ტრიკლოზანის გამოყენება ანტიბაქტერიულ საპონში, ხოლო 2019 წელს − კბილის პასტაში. ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაცია გაფრთხილებთ, რომ ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრძილებისა და ენის ანთება, ასევე შეცვალოს პირის ღრუს მჟავიანობის დონე. ეს იწვევს მგრძნობელობის გაზრდასა და სიმშრალეს.
ტიტანის დიოქსიდი − გამოიყენება კბილების გასათეთრებლად და კბილის ქვების წარმოქმნის შესამცირებლად, მაგრამ ასევე შეუძლია ღრძილების გაღიზიანება და მინანქრის მგრძნობელობის გაზრდა.
ექსპერტების რჩევით, ტიტანის დიოქსიდის შემცველ პროდუქტებს უნდა მოერიდოთ, განსაკუთრებით ის, ვისაც მგრძნობიარე კბილები აქვს.
აღსანიშნავია, რომ ამ ნივთიერების პოტენციური საფრთხის შესახებ კამათი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ დროისათვის ცალსახა მტკიცებულებები იმისა, რომ ტიტანის დიოქსიდი მინიმალური დოზით საზიანოა ჯანმრთელობისთვის, არ არსებობს.
ხელოვნური დამატკბობლები − მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ დამატკბობლებსა და კიბოს შორის მჭიდრო კავშირი დადასტურებული არ არის, კვლევები აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ნაწლავის მიკრობიომის ნორმალურ ფუნქციონირებას. მათ გარეშე კბილის პასტა უგემურია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის − უკეთესი.
წყარო: Al Arabia
ყველა ახალი ამბავი
0