„ეს არის საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა“ – ოპოზიციონერის რეაქცია

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირში შესვლის მომხრეთა საპროტესტო აქცია
ევროკავშირში შესვლის მომხრეთა საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
ადამიანებს იმედი გაუცრუვდათ და სახლებში წავიდნენ, მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ თბილისში 3 ივლისს გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა საპირისპირო ეფექტს მიაღწიეს – ჩააცხრეს საპროტესტო მუხტი და წარმატებით დაშალეს აქცია.
გუშინ საქართველოს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი მთავრობის გადადგომასა და ევროკავშირის პირობების შესრულებას მოითხოვდნენ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვიან საღამოს აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს და ღამე იქ გაათენეს. ამ დროისათვის აქცია დაშლილია.

„აქცია წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ გინდოდა ადამიანებში საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა ისე, რომ 100000-კაციანი მიტინგიდან 10 დღეში არაფერი დარჩენილიყო, ეს ორგანიზატორებს კარგად და წარმატებით გამოუვიდათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, აქციების ხელმძღვანელთაგან ბევრის მიზანი იყო აქციის დაშლა. ამიტომ აქციის მონაწილეებმა სახლში წასვლა არჩიეს.
„ხალხს, ვისაც უნდოდა სამართლიანი პროტესტი ჩაეცხრო, ადამიანებს იმედები გაცრუებოდა და სახლში წასულიყვნენ, ეს წარმატებით გამოუვიდათ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
გუშინ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ამ დღეებში წარმოადგენს 12 პირობის შესრულების საკუთარ გეგმას, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დაუსახა.
პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციას არ სჯერა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დაპირების, რომ ის 12-პუნქტიან გეგმას ექვს თვეში შეასრულებს.
მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად სრული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ცვლილებები უნდა იყოს წარმოდგენილი არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0