რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრების დამატებას მოითხოვს

© photo: Sputnik / MFA of Rissia / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოება აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებით, რათა ის „უფრო დემოკრატიული გახდეს“, განაცხადა რუსეთის ელჩმა ჩინეთში ანდრეი დენისოვმა პეკინში გაეროს გლობალური მშვიდობის ფორუმის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭო პრაქტიკულად იქცა ასპარეზად, სადაც დასავლელი კოლეგები „პროპაგანდას ეწევიან“ და თავიანთ შეხედულებებს ჭეშმარიტებად ასაღებენ. დიპლომატს მიაჩნია, რომ ეს დესტრუქციული ნაბიჯები კიდევ უფრო აშორებს უშიშროების საბჭოს წევრებს, რაც მის მუშაობას ნაკლებად ეფექტურს ხდის.

„ამ ფონზე განსაკუთრებით მწვავედ დგას გაეროს რეფორმის აუცილებლობა. ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას ფართო კონსენსუსის საფუძველზე. ამისთვის აუცილებელია აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების წილის გაზრდა, რათა უშიშროების საბჭომ შეძლოს მსოფლიოს ხალხების მისწრაფებების ასახვა და უფრო დემოკრატიულად გადაქცევა“, − განაცხადა დენისოვმა.

ამავე დროს, დენისოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის მზად, მხარი დაუჭიროს გაეროს უშიშროების საბჭოში გერმანიისა და იაპონიის ჩართვას, ვინაიდან ეს არანაირად არ შეცვლის შიდა ბალანსს.
„მეორე მხრივ, ჩვენ ღია ვართ ინდოეთისა და ბრაზილიის გაეროს უშიშროების საბჭოში გაწევრიანების პერსპექტივისთვის. ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი დღევანდელ ვითარებაში“, − დასძინა დიპლომატმა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობის გაზრდის მომხრეა პარიზიც. კერძოდ, საფრანგეთი მხარს უჭერს ამ სტატუსის გერმანიის, ბრაზილიის, ინდოეთისა და იაპონიისთვის მინიჭებას.
რაც შეეხება აშშ-ს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ წელს უშიშროების საბჭოში ინდოეთის ჩართვას დაუჭირა მხარი, როდესაც ის ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0