„შინ ევროპისკენ“: თბილისში პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerაქცია „შინ ევროპისკენ“
აქცია „შინ ევროპისკენ“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
აქციის ორგანიზატორის თქმით, აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბებიან მანამ, სანამ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. თბილისისა და საქართველოს რეგიონების ათასობით მცხოვრები შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე „შინ ევროპისკენ“ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომისა და ევროკავშირის პირობების შესრულების მოთხოვნით, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
„არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა აქციის წამყვანმა ლაშა ბუღაძემ და აღნიშნა, რომ ისინი მთავრობას პრინციპულ, დემოკრატიულ პროტესტს დაუპირისპირებენ.
მისი თქმით, გასულ კვირაში „სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ერთი ღირებული განცხადება არ მოუსმენიათ.
„ჩვენ ველოდებით იმ 12 პუნქტის აღსრულებას. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ, ვინც ცივილიზებულად და მშვიდობიანად ვსაუბრობთ, გვაძახებენ, თითქოსდა ომი გვინდა, და ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად, სიტყვიერად თავს გვესხმიან, რატომღაც არიან წარმოჩინებულნი როგორც სტაბილურობის გარანტორები. ამ აბსურდს არავინ არ დაიჯერებს. ჩვენ არ ვენდობით „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას რომ გაგვაცურონ, მოგვატყუონ და ეს ექვსი თვეც ისე გალიონ, როგორც აქამდე მთელი ეს თვეები და წლები“, - განაცხადა ბუღაძემ.
საზოგადო მოღვაწის თქმით, უახლოეს ექვს თვეში „ქართული ოცნება“ ვერ შეასრულებს პირობებს, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მოსთხოვეს.
ორგანიზატორებმა აქციის დაწყებამდე განაცხადეს, რომ მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.
მთელი კვირის განმავლობაში აქციის ორგანიზატორები რეგიონებში დადიოდნენ და მოსახლეობას 3 ივლისის აქციაზე მოუხმობდნენ. ამ შეხვედრების ჩატარებაში მათ ხშირად ხელს უშლიდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის წევრების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0