ელჩები Tbilisi Pride Week-ის დროს ხელისუფლების მოქმედებით კმაყოფილი არიან

© photo: Sputnik / Stringerლგბტ-მოწინააღმდეგეთა აქცია
ლგბტ-მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
შსს-მ ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციის დიდი რაოდენობის მობილიზება მოახდინა
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს Tbilisi Pride-ს კვირეულის ფარგლებში ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ წარმართვისთვის მადლობა გადაუხადეს.
შაბათს, 2 ივლისს ლგბტ-საზოგადოების მიერ ორგანიზებული Tbilisi Pride Week დასრულდა. მთაწმინდაზე გაიმართა ფესტივალი Tbilisi Pride Fest. შსს-მ ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციის დიდი რაოდენობის მობილიზება მოახდინა. კვირეული შეტაკებების გარეშე დაიხურა.
„ვულოცავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმდინარე წლის „თბილისის პრაიდის“ კვირეულზე უსაფრთხოების ზომების სამაგალითოდ გატარებას“, - დაწერა „ტვიტერზე“ რან გიდორმა.
ქართულ პოლიციას მადლობა ასევე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა გადაუხადა. მისი თქმით, ეს „წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
„ვუერთდები შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი პოლიციის მიმართ გამოთქმულ მადლობებს თბილისი პრაიდზე მყოფი ყველა პირის დასაცავად კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში“,- დაწერა ბერესფორდმა.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასიც დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას.
„ვულოცავ „თბილისი პრაიდს“ შესანიშნავ კვირეულს, შინაარსობრივ, სადღესასწაულოს. მინდა შევაქო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაწეული სამუშაოსთვის, ქვეყნის კონსტიტუციისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მედგარი დაცვისთვის“, - დაწერა ​დიეგო კოლასმა.
პოლიციელებს მადლობა გადაუხადეს ნორვეგიისა და ნიდერლანდების ელჩებმაც.
საქართველოში, 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. კონსერვატიული ჯგუფების წარმომადგენლები ღონისძიებების ჩაშლით იმუქრებოდნენ.
ფესტივალის ჩაშლა ვერ მოხერხდა, მაგრამ ლგბტ-მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე აქცია მაინც გამართეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტის შენობის წინ თავის დაწვაც კი სცადა. აქციაზე რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვირეულის დაწყებამდე გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო ყოველგვარი ძალადობა და მოუწოდა „თბილისის პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.
ყველა ახალი ამბავი
0