მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინული ბორშჩი იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

© Pixabay / lukinIgorბორშჩი
ბორშჩი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბორშჩის, როგორც უკრაინული ეროვნული სამზარეულოს კერძის მომზადების პროცესი შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ეს გადაწყვეტილება უკრაინის მოთხოვნით მიიღეს დღეს ორგანიზაციის მთავრობათშორისი კომიტეტის რიგგარეშე სესიაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის, მაროკოს ელჩ სამირ ადარის თქმით, უკრაინამ იუნესკოს ბორშჩის არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანის თხოვნით გასული წლის მარტში მიმართა, ახლა კი ხელისუფლებამ მოუწოდა ორგანიზაციას, ეს საკითხი გადაუდებლად განეხილათ.

„ჩვენმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ კერძის [იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის] ნუსხაში შეტანას“, — აღნიშნა მან.

უკრაინის კულტურის სამინისტრომ ბორშჩის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანაზე განაცხადი გასულ წელს წარადგინა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ ბორშჩი ექსკლუზიურად ეკუთვნის უკრაინის ეროვნულ სამზარეულოს და არა რუსულს.
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო უკვე მიესალმა იუნესკოს გადაწყვეტილებას. როგორც მან დაწერა თავის Telegram-არხზე, უკრაინა მზადაა ბორშჩი და მისი რეცეპტი სხვა „ცივილიზებულ“ ქვეყნებს გაუზიაროს.
„და არაცივილიზებულებსაც, რათა მათაც ჰქონდეთ რაღაც ნათელი, გემრიელი და უკრაინული“, — დაწერა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სწორედ ბორშჩის მაგალითზე საუბრობდა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. დიპლომატმა უკრაინაში წიგნების დაწვა ნაცისტური გერმანიის მიერ „უხერხული ლიტერატურის“ დაწვას შეადარა და თქვა: „კულინარიული წიგნებიც კი იკრძალებოდა. რატომ? იმიტომ რომ ბორშჩის გაყოფა არ შეიძლებოდა. ის მხოლოდ რომელიმე ერთ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. საერთო რომ იყოს და ყველა ქალაქში ან რეგიონში ყველა დიასახლისს შეეძლოს მისი მომზადება — არა, ასე არ შეიძლება. მათ არ სურდათ კომპრომისზე წასვლა. ეს არის კიდეც ქსენოფობია, ნაციზმი, ექსტრემიზმი ყველა ფორმით“.
ყველა ახალი ამბავი
0