საქართველოს ეკონომიკა იზრდება: მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა თითქმის ყველა სფეროში შეინიშნებოდა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – 2022 წლის მაისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,6% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის ხუთ თვეში 11,2% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა თითქმის ყველა სფეროში შეინიშნებოდა – გადამამუშავებელ მრეწველობაში, ფინანსურ და სადაზღვევო საქმიანობაში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში, აღნიშნავს „საქსტატი“.
რა და რამდენით გაიზარდა
იანვარი-მაისში ექსპორტის ზრდამ 38% შეადგინა, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი 43%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 37%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში 6.930 ახალი საწარმო დარეგისტრირდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 94%-ით მეტი.

„დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა 25%-ით გაიზარდა და 10,4 მლრდ ლარი შეადგინა“, – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

თოდრაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდა დაკავშირებულია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მუშაობასთან. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის გაფართოების შედეგად გაიზარდა სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც.
გარდა ამისა, ენერგეტიკის სექტორში ზრდა განპირობებულია ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის გაფართოებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.
ასევე 20%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარების დონე. ამასთან, ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა.
როდის იგრძნობენ საქართველოს მოქალაქეები ეკონომიკურ პროგრესს - ვიცე-პრემიერის პასუხი>>>
ზრდის ტენდენცია ასევე შეიმჩნეოდა სასტუმრო და სარესტორნო სექტორში. ამაზე გავლენა იქონია გასულ წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის თითქმის სამჯერ გაზრდამ. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში 320 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა.
გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მინერალური სასუქების, კვების პროდუქტების, სამშენებლო მასალების, ასევე მეტალურგიულ მრეწველობაში წარმოების მოცულობის გაფართოებით.
სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის ზრდით.
სამშენებლო მასალების იმპორტი თითქმის 20%-ით გაიზარდა, ცემენტისა და კლინკერის იმპორტი კი 28%-ით. მშენებლობების გააქტიურების შედეგად გაფართოვდა სამშენებლო მასალების წარმოება.
ყველა ახალი ამბავი
0