უნდა დანებდე, თუ... 6 ნიშანი, რომ ბრძოლის გაგრძელება აღარ ღირს

© Pixabay / ivanacoiდომინოს პრინციპი
დომინოს პრინციპი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
ყველა ადამიანს სურს იყოს სხვებზე წარმატებული და უკეთესი. თუმცა ამისათვის ზოგი არაფერს (ან თითქმის არაფერს) აკეთებს, ზოგი კი, პირიქით, ცდილობს მთელი თავისი დრო და ენერგია, ყოველი დღე მიზნის მიღწევას მოახმაროს და ჯიუტად მიიწევს წინ.
მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც დანებება საუკეთესო ვარიანტია. ეს დაზოგავს თქვენს ენერგიას და გამოგითავისუფლებთ დროს რაღაც უფრო მნიშვნელოვანისთვის.
ქვემოთ რამდენიმე ასეთ სიტუაციას გაგაცნობთ.
როცა ხვდებით, რომ რაღაც მიზანი თავს მოგახვიეს - ხდება ისე, რომ რაღაც ამოცანას ებრძვით, ყველაფერს აკეთებთ მიზნის მისაღწევად. შინაგანი ხმა გამუდმებით ჩაგძახით: „მიდი, შენ ეს გჭირდება“. მერე კი უეცრად აღმოაჩენთ, რომ ეს ან მშობლის ხმას ჰგავს, ან იმისას, ვინც 15 წლის ასაკში უარგყო, ან კიდევ იმ მასწავლებლისა, ვინც სკოლაში დამლაგებლის პროფესია გიწინასწარმეტყველა... და ასევე უეცრად აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი არცთუ ძალიან გჭირდებათ. ანუ მთელ ძალას ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებას ალევთ. თანაც ისეთისთვის, ვინც თქვენი წარმატების შესახებ, შესაძლოა, ვერასდროს ვერაფერი შეიტყოს.
თუ გააცნობიერეთ, რომ მიზანი უბრალოდ თავს მოგახვიეს, ძალიან ნორმალური იქნება, თუ მასზე უარს იტყვით და ყველაფერს თავიდან დაიწყებთ. უბრალოდ იმოძრავეთ თქვენ მიერ არჩეული მიმართულებით.
როცა მიზნები იცვლება - ცხოვრება მოულოდნელი მოვლენებითაა სავსე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ცხოვრებისეული პრიორიტეტები შეიცვალოს. შესაბამისად, ყველა წინა მიზნის მნიშვნელობა ან ტრანსფორმირდება, ან საერთოდ ნულდება. ამ შემთხვევაში შეიძლება უარი თქვათ მათზე და ახალი მიზნები დაისახოთ.
შესაძლოა საზოგადოებამ ვერ გაგიგოთ, ჩათვალოს, რომ არასერიოზულია დღეს ერთის სურვილი, ხვალ კი — სხვა რამისა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას ფიქრობს? ვექტორის ცვლილება სისულელე მაშინაა, როდესაც ადამიანი ირაციონალურად მოქმედებს, არ პროგნოზირებს შედეგებს, არ არის მზად მათთან შესაჯახებლად და მომხდარზე პასუხისმგებლობის ასაღებად. მაგრამ თუ ცვლილებებზე ფხიზელი გონებით მიდის, ეს მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს.
როდესაც მიზანი არ ამართლებს საშუალებას - ნებისმიერი მიზნის მიღწევა დაკავშირებულია მოქმედებების გარკვეულ კომპლექსთან, რომელიც უნდა შესრულდეს. ისეც ხდება, რომ ძალისხმევის მოცულობა და დანახარჯები უბრალოდ შეუთავსებელია მოსალოდნელ შედეგთან.
მაგალითად, სამსახურის შესანარჩუნებლად და კარიერულ კიბეზე წინ წასაწევად ვიღაცის გაწირვაა საჭირო. ამ დროს სასწორის ერთ მხარეს არის მიზანი, მეორეზე — სარკეში ჩახედვა სირცხვილის გარეშე.
თუ ერთი იმათგანი არ ხართ, ვისაც სჯერა, რომ შედეგის მიღება ნებისმიერ ფასად შეიძლება, მაშინ ჯობს უარი თქვათ მიზანზე.
როცა მიზნისკენ მიმავალი გზა უბედურს გხდის - მიზანი — ეს გრძელი გზაა, რომელზეც ყველაზე ძვირფას რესურსს, დროს კარგავთ. ბევრი ხელმძღვანელობს მოტივით, რომ ახლა უნდა მოითმინოს, სამაგიეროდ მერე ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ არსებობს რისკი, რომ ან არაფერიც არ გაუმჯობესდეს, ან „მერე“ საერთოდ არ დადგეს...
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა თქვენს ცხოვრებას კი არ ანადგურებდეს, არამედ უკეთესს ხდიდეს. თუ ეს გზა ძალიან მწარეა, იქნებ საერთოდ არ ღირდეს მასზე სიარული?
როცა შედეგი არ ჩანს - არსებობს კოგნიტური დეფორმაცია, რომელიც აუნაზღაურებელ ხარჯებთან ასოცირდება: რაც უფრო მეტ რესურსს დებთ რაღაცაში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება მიზანი და მით უფრო მეტის გასაღებად ხართ მზად მის მისაღწევად.
ამიტომაცაა, რომ ადამიანები არ წყვეტენ წამგებიან პროექტებზე მუშაობას პრინციპით „ამდენი დავხარჯე და რაღაც ხომ უნდა ამოვიღო“; ამიტომაცაა, რომ მნიშვნელოვანი თანხის წაგების შემდეგ კაზინოებიდან კი არ გამოდიან, არამედ ცდილობენ რამენაირად აინაზღაურონ წაგებული; ამიტომ უჭირთ ხანგრძლივი ურთიერთობის გაწყვეტა, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ ახარებთ...
აქ ძალიან მნიშვნელოვანია დროულად გაჩერება, თუნდაც უკვე ბევრი გქონდეთ გაღებული. ზარალის გამოსწორებაზე კიდევ უფრო მეტი რესურსის დახარჯვა მოგიწევთ.
როცა არ გჯერა, რომ ყველაფერი გამოვა - მოტივაცია აუცილებელია ნებისმიერი მიზნის მისაღწევად. თუ ბრძოლას განაგრძობთ, მაგრამ წარმატების აღარ გჯერათ, ე.ი. გულის სიღრმეში უკვე დანებდით.
ასე რომ, მკვდარი ცხენისთვის დეზის კვრას აზრი აღარ აქვს, ჯობს უბრალოდ ჩამოხდეთ ცხენიდან.

აუცილებელია გვესმოდეს, რომ:

ნებისმიერი მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. ამ გზაზე ხშირია დაბრკოლებები და ასევე ხშირია ცდუნება იმისა, რომ ყველაფერი მიატოვოთ — მიუხედავად იმისა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომელზეც ხალისით მუშაობთ და რომელში ჩადებული ყველა ინვესტიციაც ნაზღაურდება.
ამიტომ ერთი დაკვრით ნუ გადაჭრით. კარგად დაფიქრდით, ყველაფერი აწონ-დაწონეთ, დეტალურად გაიაზრეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ თქვით უარი, ან განაგრძეთ ბრძოლა.
ყველა ახალი ამბავი
0