Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ომიკრონის ახალი სახეობა უკვე საქართველოშია: არის თუ არა ის საშიში და რა უნდა ვიცოდეთ

© Depositphotos.com / Viacheslav Lopatinშპრიცი და კოვიდ-ვაქცინა
შპრიცი და კოვიდ-ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
კორონავირუსის ახალი ქვეტიპი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ხოლო ინფიცირებულებს ძირითადად მაღალი ტემპერატურა აღენიშნება
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. ეპიდემიოლოგებმა საქართველოში გამოავლინეს „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 - მათი მტკიცებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება.
ახალი ქვეტიპის გამოვლენის და საკმაოდ სწრაფი გავრცელების გათვალისწინებით, საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. აქამდე საქართველოში ძირითადად „ომიკრონის“ შტამის ქვეტიპი В.А.2 ცირკულირებდა.
კორონავირუსის ახალი ქვეტიპი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ხოლო ინფიცირებულებს ძირითადად მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპის გამოჩენა სტატისტიკაზე აისახა, რომელიც გაორმაგდა. გასულ კვირას საქართველოში გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობამ 500 შეადგინა, ამ კვირაში კი ეს მაჩვენებელი 1058-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ამ ქვეტიპისთვის არ აქვს მნიშვნელობა - ადამიანი აცრილია თუ უკვე გადაიტანა ინფექცია, ნებისმიერი შეიძლება დაინფიცირდეს. სწრაფ გავრცელებას ასევე ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბების ტარების რეჟიმის გაუქმება. დარჩენილია ერთადერთი რეკომენდაცია - სოციალური დისტანციის დაცვა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
სპეციალისტები არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შემთხვევების ზრდას უკვე ზაფხულში ელოდებიან.

სად დაფიქსირდა პირველად ახალი ქვეტიპი B.A.5?

В.A.5 პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ინფექციამ სწრაფად გავრცელება დაიწყო, მაგრამ ის უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი.
საქმე ისაა, რომ ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმში ინფექციის განეიტრალებაზე აგებენ პასუხს, არ შეუძლიათ კორონავირუსის ამ ქვეტიპის ამოცნობა და, შესაბამისად, ადამიანი ადვილად ინფიცირდება. მაგრამ დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ვიდრე „დელტას“ შტამის შემთხვევაში იყო.

იცავს თუ არა ბუსტერ-დოზა ომიკრონის ახალი ქვეტიპისგან?

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამცავი ფუნქცია დროთა განმავლობაში სუსტდება ორგანიზმში ანტისხეულების დონის შემცირების გამო. იგივე ხდება იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებმაც ინფექცია გადაიტანეს.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპისგან სრული დაცვა არ გააჩნია არც აცრილ და არც კოვიდ-გადატანილ ადამიანებს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ მილიონობით ადამიანი უკვე აცრილია და ინარჩუნებს ანტისხეულების გარკვეულ რაოდენობას, მაშინაც კი, თუ ამ ანტისხეულების ხარისხი აღარ არის ისეთი მაღალი და საიმედო.
ექსპერტები ასევე თვლიან, რომ საერთო იმუნიტეტი ამჟამად უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიის დასაწყისში. ისინი მოუწოდებენ რისკის ქვეშ მყოფ პირებს, ისევე როგორც ხანდაზმულებს, გაიკეთონ ბუსტერ-დოზა, რათა განაახლონ კორონავირუსის მიმართ რეზისტენტული ანტისხეულების რაოდენობა.
ექიმები აღნიშნავენ, რომ „ომიკრონის" ახალი ქვეტიპები, მათ შორის B.A.5, საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე, მაგრამ ნაკლებად ხშირად აზიანებს ფილტვის უჯრედებს და, შესაბამისად, ნაკლებია სიკვდილიანობა. კორონავირუსის პირველი ვარიანტები ფილტვებს გაცილებით უფრო ძლიერ აზიანებდა, რაც გარდაცვალების შემთხვევების ზრდას იწვევდა.
ჯერჯერობით ექიმებმა არ იციან „ომიკრონით“ გამოწვეული გრძელვადიანი შედეგები. ინტერვალი დაინფიცირებასა და პირველი სიმპტომების გამოვლენას შორის (დაახლოებით სამი დღე – რედ.) გაცილებით მოკლეა, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში.
ვაქცინები კორონავირუსის ამჟამინდელი ვარიანტების მიმართ არ არის ოპტიმალური, მაგრამ იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქვეტიპები არ იწვევენ დამძიმებას, გართულებები არ არის გამორიცხული.

საქართველოს ბოლო სტატისტიკა

გასულ კვირას ქვეყანაში კორონავირუსის 1058 ახალი შემთხვევიდან თბილისში ინფიცირების 770 შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 1.660.429 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1.642.476 ადამიანი, გარდაიცვალა 16.841 პაციენტი. ქვეყანაში ამ დროისთვის 1086 აქტიური შემთხვევაა. დადებითობის მაჩვენებელი შვიდ დღეში 1,67%-ს შეადგენს.
იანვარ-თებერვლის დასაწყისში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი გადალახა. „ომიკრონის“ ახალი შტამი იმდენად გადამდები იყო, რომ 31 იანვარს დღეში 26.000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. თებერვლის შუა რიცხვებიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ახალი, „ომიკრონის“ შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები ცირკულირებდა.
ყველა ახალი ამბავი
0