ნატოს გიჟური სტრატეგია: რუსეთისა და ჩინეთის ორმაგი შეკავების გზაზე

© AFP 2024 / JAVIER SORIANO
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში რუსეთი ოფიციალურადაა გამოცხადებული „მოკავშირეთა უსაფრთხოების, ევროატლანტიკურ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მეტად მნიშვნელოვან და უშუალო საფრთხედ“. ამასთან, ალიანსმა საკუთარი თავი დაახასიათა, როგორც თავდაცვითი ორგანო, რომელიც „არცერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს“.
მაგრამ მოკავშირეები გააგრძელებენ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან დაპირისპირებას, მათ შორის, გააძლიერებენ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, განათავსებენ დამატებით ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე. რუსეთისგან კი მოითხოვენ „უკრაინის დატოვებას“. დეკლარაციაში არ წერია, როგორ აპირებენ ამის მიღწევას, მაგრამ აქ მათ მხსნელად ევლინებიან ინგლისელები, რომლებიც ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და რისკენაც ალიანსის დანარჩენ მონაწილეებს უბიძგებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა მადრიდში სავსებით კონკრეტულად განაცხადა: „ახლა დროა გავაორმაგოთ ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს, რათა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეძლოს მოლაპარაკების წარმართვა ძალის პოზიციიდან... ჩვენ ვალდებული ვართ, მივაღწიოთ რუსეთის მარცხს უკრაინაში. ეს უნდა გავაკეთოთ ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ეს ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა. ზოგიერთი საუბრობს მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ახლა, ვიდრე რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ყალბ მშვიდობას მოგვიტანდა.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის მაგალითზე, მინსკის შეთანხმების ჩაშლის მაგალითზე, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დავამყაროთ... ჩემი გზავნილია: ჯერ დავამარცხოთ რუსეთი, შემდეგ კი დავიწყოთ მოლაპარაკებები“.
ცოტა გასაკვირია მათი თავდაჯერება იმაში, რომ დასავლეთს შესწევს ძალა დაამარცხოს რუსეთი, მაშინ, როცა ნებისმიერი რეალისტისთვის გასაგებია, რომ მოსკოვი არ აპირებს უკან დახევას და დასახულ მიზნებზე უარის თქმას.
კიდევ უფრო საინტერესოა ნატოს მიზნები და სტრატეგია, რომელიც 2030 წლამდეა გათვლილი. თუ რუსეთი მთავარი საფრთხეა, მთელი ძალა მასთან ბრძოლისკენ უნდა იყოს მიმართული. მაგრამ რუსეთის მხრიდან საფრთხის გარდა, კონცეფციაში პირველად გაჩნდა ჩინეთი, თუმცა ჯერ მტრის სახით არა.
„ჩინეთის გამოცხადებული ამბიციები და მისი იძულების პოლიტიკა ჩვენს ინტერესებსა და ფასეულობებს გამოწვევას უგზავნის... ჩინეთი იყენებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, რათა გააძლიეროს თავისი საერთაშორისო გავლენა და ამასთან დარჩეს გაუმჭვირვალე თავისი სტრატეგიის, თავისი გეგმებისა და სამხედრო გაძლიერების საკითხებში“.
იქნებ საქმე ეხება ჩინეთის „ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას“ რუსეთთან და მათი მხრიდან „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლის ურთიერთმცდელობებს“, რომლებსაც ნატო გმობს? ანუ ჩინეთი აგრესიულ რუსეთთან ერთად თამაშობს და სხვა რა რჩება ალიანსს, თუ არა რეაგირება ასეთ გამოწვევებზე?
თუ საქმე ისაა, რომ ნატო სხვის საქმეებში ერევა არა მხოლოდ ევროატლანტიკურ, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონშიც? რომელიც ფორმალურად მისი მოქმედებისა და ინტერესების სფეროს არ განეკუთვნება. თუ, რასაკვირველია, არ გავიხსენებთ, რომ რეალურად ნატო არის ანგლოსაქსებისა და მასზე დამოკიდებული კონტინენტური ევროპის სახელმწიფოების ალიანსი. ანგლოსაქსებს კი ინტერესი აქვთ ყველგან და ამიტომ მათ საფრთხეს უქმნის ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ის. ირანი თუ ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა თუ მიანმა... რომ აღარაფერი ითქვას რუსეთსა თუ ჩინეთზე.
ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ გასაკვირია ის, თუ როგორ იქცევა დასავლეთი, რომელსაც, როგორც თავად აცხადებს, საფრთხეს უქმნის რუსეთი, და როგორ იუარესებს პოზიციებს საკუთარი ხელით და ზრდის მოწინააღმდეგეთა რიცხვს. რა საჭირო იყო ჩინეთისთვის შენიშვნის მიცემა, რომ ის ნატოს იწვევს, რა პრაქტიკული აზრი აქვს ამას? მართალია, ყველასთვის ნათელია, რომ ჩინეთი ანგლოსაქსებისთვის მთავარი გამოწვევაა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში, ისინი ამაში საკუთარ თავს არწმუნებენ. მაგრამ რა საჭირო იყო ისედაც დაძაბული ურთიერთობის გამწვავება? სად ნატო და სად ჩინეთი?
მსოფლიოში არავის სჯერა, რომ ამერიკული ბაზებით გარშემორტყმული ჩინეთი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება – რუსეთთან კავშირის შემთხვევაშიც კი. ჩინეთს უამრავი საქმე აქვს წყნარი ოკეანის რეგიონშიც. რას ელის ევროატლანტიკური სამხედრო ალიანსი საპასუხოდ?
იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია და იმას, რაზეც ანგლოსაქსებს მათივე საკუთარი ობიექტური სტრატეგები აფრთხილებდნენ: ესაა ჩინეთ-რუსეთის კავშირის განმტკიცება. ანგლოსაქს სტრატეგებს შორის კვლავ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოსკოვისა და პეკინის სტრატეგიულ ალიანსს გრძელვადიანი პერსპექტივა არ გააჩნია და დასავლეთი ვალდებულია გამოიყენოს რუსეთ-ჩინეთის უმცირესი უთანხმოებაც კი მის შესარყევად.
ალიანსში პრაქტიკულად ყველა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, დარწმუნებულია, რომ დასავლეთი კვლავაც უდიდეს უპირატესობას ფლობს დანარჩენ მსოფლიოზე და, კერძოდ, რევიზიონისტებზე მოსკოვიდან და პეკინიდან. ეს გეოპოლიტიკური უპირატესობა (ფინანსური, სამხედრო, იდეოლოგიური, პროპაგანდისტული), მათი აზრით, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება – და ამ დროის განმავლობაში საჭირო იქნება მეამბოხეების უკან სადგომში შებრუნება. როგორ?
მაგალითად, დაამარცხონ ისინი ლოკალურ ბრძოლებში და მოახდინონ საშინაო პრობლემების პროვოცირება, რომლებიც არეულობას გამოიწვევს. და ამავდროულად არ მისცენ საშუალება მეამბოხეებს, შემოიკრიბონ გარშემო დასავლეთით უკმაყოფილოთა კოალიცია, არ მისცენ მათ პარალელური და ალტერნატიული გლობალური ქსელების (ფინანსური, სავაჭრო, ლოგისტიკური, საინფორმაციო) შექმნის შესაძლებლობა.
სწორედ ეს რწმენა საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობებისა უბიძგებს დასავლეთს აშკარა თვითმკვლელობისკენ, როგორიცაა ღიად გამოცხადებული გეოპოლიტიკური ომი ერთბაშად ორ ფრონტზე – რუსეთთან და ჩინეთთან. თუმცა იმის გააზრებას, რომ მათი ქმედებები თვითმკვლელობის ტოლფასია, ანგლოსაქსები მხოლოდ იმ მომენტში შეძლებენ, როდესაც ძალიან ნათლად გამოჩნდება, რომ ძალები აშკარად არ ჰყოფნით. ჯერჯერობით კი რუსეთი საერთოდ არ არის დაინტერესებული იმით, რომ ხელი შეუშალოს მათ ტოტალურ უპირატესობაზე ოცნებაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0