ილიას ზუროსი: უკრაინასთან მძიმე მატჩი იქნება, თუმცა გამარჯვება გვჭირდება

© photo: Sputnik / Stringerილიას ზუროსი
ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები უკრაინის გუნდს დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინასთან მატჩის წინ ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბოლო ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჟურნალისტებთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგ მატჩს უკრაინასთან დღეს, 1 ივლისს რიგაში, „რიგა არენაზე“ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
როგორც საქართველოს ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა აღნიშნა, კალათბურთელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და გამარჯვებისთვის განწყობილი არიან. მისი შეფასებით, უკრაინასთან მატჩი საკმაოდ მძიმე იქნება.

„კმაყოფილი ვარ კონცენტრაციით, მოგების წყურვილით. დღეს იქნება ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მძიმე მატჩი – გუნდის, რომელსაც შეუძლია პერიმეტრიდან ჩაგდება. თუმცა, ჩვენი კალათბურთელები ასი პროცენტით დაიხარჯებიან. ბრძოლისუნარიანები ვართ. ეს მოგება გვჭირდება მომდევნო ეტაპისთვის“, – განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო G ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ასევე ესპანეთი, უკრიანა და ჩრდილოეთ მაკედონია არიან. ილიას ზუროსის გუნდი ჯგუფს 4 თამაშიდან 3 მოგებით ლიდერობს, მეორე ადგილზე ესპანეთია (3 მატჩი, 3 მოგება), მესამეზე – უკრაინა (1 მოგება, 2 წაგება), ბოლო ადგილს კი ჩრდილოეთ მაკედონია იკავებს (4 მატჩი, 4 წაგება).
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და 4 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში გამართული პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0