ავიაკომპანია Flyadeal-მა საქართველოში პირველი რეისი შეასრულა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
საუდის არაბეთიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 15 სიხშირით შესრულდება.
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო ოპერირება – ავიაკომპანიამ ჯედადან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ამ სეზონზე მეტ ტურისტს ელოდება. საქართველოს შავი ზღვის კურორტების და მთლიანად ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით ქართული მხარე მართავს შეხვედრებს ახლო აღმოსავლეთის წამყვან ტურისტულ სააგენტოებთან, მასმედიასთან, სარეკლამო კომპანიებთან, ავიაკომპანიებთან.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Flyadeal-თან მოლაპარაკებებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა. ავიაკომპანია ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში – თბილისსა და ბათუმში გეგმავს.
პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის მიმართულებით საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან – ჯედადან, ერ-რიადიდან და ედ-დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის მიმართულებით ფრენები ჯედადან და ერ-რიადიდან შესრულდება.
ორივე აეროპორტის მიმართულებით Flyadeal პირდაპირ რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით შეასრულებს.
ერ-რიადი–თბილისი–ერ-რიადი – კვირაში 4 სიხშირე
ედ-დამამი–თბილისი–ედ-დამამი – კვირაში 3 სიხშირე
ჯედა–თბილისი–ჯედა – კვირაში 2 სიხშირე
ჯედა–ბათუმი–ჯედა – კვირაში 3 სიხშირე
ერ-რიადი–ბათუმი–ერ-რიადი – კვირაში 3 სიხშირე
საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელია ავიაკომპანია Saudia. ავიაკომპანიამ თავდაპირველად ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო, შემდეგ კი ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა. Flyadeal 50 Airbus A320neo-ს და Boeing 737 MAX-ს ფლობს.
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა. 2014 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი.
ყველა ახალი ამბავი
0