გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხლები: ცნობილია ივლისის მძიმე დღეები

© photo: Sputnik / Ilya Naimushin
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში გეომაგნიტური სიტუაცია საკმაოდ მშვიდი იქნება − ძლიერი დარტყმები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ექსპერტები ოთხ გაჭიანურებულ შტორმს პროგნოზირებენ მთელი თვის განმავლობაში.
მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია FIAN-ის ცნობით, ივლისის პირველი კვირის განმავლობაში მზის აქტივობა მინიმალური იქნება, მაგრამ მერე გეომაგნიტური სფეროს სტაბილურობა დაირღვევა.

მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ივლისში

8-11 ივლისი − ამ ოთხი დღის განმავლობაში 3-4 ბალის სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. პიკი 10 ივლისს დადგება;
14-16 ივლისი − ეს სამდღიანი ქარიშხალი 4 ბალს მიაღწევს და უსიამოვნოდ აისახება არა მარტო მეტეოდამოკიდებული, არამედ ჯანმრთელი ადამიანების მდგომარეობაზეც. პიკი 15 ივლისზე მოდის;
20-22 ივლისი − ამ ქარიშხლის სიმძლავრეც ასევე 4 ბალს მიაღწევს. პიკი − 21 ივლისს.
30-31 ივლისი – უმნიშვნელო ქარიშხალი, პიკის გარეშე.
ამასთან, სწავლულების განმარტებით, ეს წინასწარი პროგნოზებია: გამომდინარე იქიდან, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება, მისი აქტიურობის პროგნოზი, შესაძლოა, მოულოდნელად საგრძნობლად შეიცვალოს — თანაც არა საათებში, არამედ წუთებშიც კი.

რა არის მაგნიტური ქარიშხლები?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0