„უბრალო მანევრია" - ექსპერტი „ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის წასვლაზე

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
საყვარელიძის თქმით, არ ღირს იმის ლოდინი, რომ ხუნდაძე, სუბარი ან ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ ე.წ. სატელიტ პარტიებს შექმნიან.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგების დატოვება უფრო მეტად მანევრს ჰგავს, რადგანაც ისინი პარტიასთან წინააღმდეგობაში არ მოდიან, განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
მმართველი პარტიის სამი წონადი ფიგურის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების თაობაზე ინფორმაცია გუშინ, საღამოს გავრცელდა. ლიდერებმა მათი გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს ის, რომ მმართველი პარტია საზოგადოებას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არასაკმარის ინფორმაციას აწვდის, რაც არასწორია.

„ეს საინტერესო მოვლენაა და საინტერესოა იმით, რომ ისინი „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობაში არ მოდიან, პირიქით, ყველაფერში მათ ეთანხმებიან“, – განაცხადა საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებენ, თუმცა ყოველ ჯერზე ამას კრიტიკა ახლდა თან.
„ჩვენ ყველას გვახსოვს გახარიასთან დაკავშირებული შემთხვევა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი ლიდერის კრიტიკა თავიდანვე დაიწყო. აქედან გამომდინარე, მმართველი პარტიის გუშინდელი რეაქცია მეტყველებს იმაზე, რომ სამი დეპუტატის „ქართული ოცნებიდან“ წასვლის გადაწყვეტილება პარტიასთან იყო შეთანხმებული“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ექსპერტის თქმით, არ ღირს იმის ლოდინი, რომ ხუნდაძე, სუბარი ან ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ ე.წ. სატელიტ პარტიებს შექმნიან.
„მათი წასვლა „ქართული ოცნებისთვის“ საბედისწერო არ გახდება. სოციალურ ქსელებში ბევრმა ამ ფაქტს უფრო მეტად მანევრი უწოდა და მეც ასე მგონია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მან ასევე ნაკლებად სავარაუდო უწოდა „ქართული ოცნებიდან“ სხვა დეპუტატების წასვლას, შესაბამისად, პარტია საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს.
ამ დროისათვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო რეალურად 144 დეპუტატისგან შედგება, მათგან 81 „ქართული ოცნების“ წევრია.
ყველა ახალი ამბავი
0