ფარული საყრდენი: როგორ ვასწავლოთ ბავშვს ცხოვრებასთან გამკლავება - ფსიქოლოგის ექვსი რჩევა

© Pixabay / TheVirtualDenise
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
შეგხვედრიათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი პოზიციის დაცვა არ შეუძლიათ, ადამიანები, რომლებსაც „ყველა თავის ჭკუაზე ატარებს?“ ალბათ შეგხვედრიათ.
როგორ უნდა ავიცილოთ ბავშვის აღზრდისას თავიდან ასეთი შედეგი, როგორ უნდა გავზარდოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებასთან გამკლავება და ნებისმიერი დარტყმის მიღება შეუძლია?
არ გამოტოვოთ: დაგეგმილი ბედნიერების სტრესი - რვა რამ, რაც ბავშვს ნამდვილად სჭირდება
ამის შესახებ ფსიქოლოგი, პედაგოგი და პუბლიცისტი პეტრანოვსკაია საუბრობს წიგნში „ფარული საყრდენი. მიჯაჭვულობა ბავშვის ცხოვრებაში“. მისი რჩევები ასე გამოიყურება:
1.
ჩვენ გვეჩვენება, რომ ბავშვობიდან სიძნელეებით გამოწრთობილი ადამიანი ზრდასრულობაში უკეთ გაუმკლავდება სირთულეებს. მაგრამ ეს ასე არ არის. კვლევები აჩვენებს, რომ ვისაც ბედნიერი ბავშვობა და ბედნიერი ოჯახი აქვს, უკეთ უმკლავდება ცხოვრებისეულ სიძნელეებს. მათ ფსიქიკას აქვს სიმტკიცის მარაგი. სტრესის დროს ისინი მოქნილობასა და საზრიანობას ინარჩუნებენ. შეუძლიათ ითხოვონ დახმარება და ამავე დროს თვითონაც ახერხებენ თავის გამხნევებას, ნუგეშისცემას. ხოლო ისინი, ვინც მძიმე ბავშვობა გამოიარა, იძულებული იყვნენ მშობლების დახმარების გარეშე გამკლავებოდნენ შიშსა და ტკივილს, პირიქით, უკიდურესად მკვეთრად რეაგირებენ სტრესზე — ან აგრესია ეწყებათ, ან სასოწარკვეთა ეუფლებათ.
2.
გსურთ, რომ თქვენი შვილი ცხოვრებას გაუმკლავდეს? მაშინ მთელი ბავშვობა უნდა ამშვიდოთ, ჩაეხუტოთ, გაიზიაროთ მისი გრძნობები. არ უთხრათ „ნუ ტირი!“ ნუ შეეცდებით, რომ დაუყოვნებლივ გადაატანინოთ ყურადღება და გაართოთ. უბრალოდ დაეხმარეთ მას – ისე გამოვიდეს სტრესიდან, რომ უსიამოვნო გრძნობები არ ჩაყლაპოს. დაე, განაწყენდეს, იტიროს, შეეშინდეს, გააპროტესტოს; დაე, თქვენი დახმარებით ისწავლოს სამყაროს არასრულყოფილების მიღება, იმედგაცრუებიდან და პროტესტიდან ნუგეშსა და რეალობასთან შერიგებაზე გადასვლა.
3.
მიჯაჭვულობის პროგრამა დიალოგურია: ბავშვის თხოვნა (მჭირდება! მეშინია!) — ზრდასრულის პასუხი (დაგეხმარები! დაგიცავ!). თუ მოთხოვნას საიმედო პასუხი მოჰყვება, პროგრამის ციკლი იხურება და პროცესი გრძელდება. როცა მშობელი გულუხვად და ხალისიანად აკმაყოფილებს მოთხოვნილებას, ბავშვი თავისუფლდება მისგან. სწორედ სრულად დაკმაყოფილებული საჭიროება — იყოს ვინმეზე დამოკიდებული, მიიღოს ზრუნვა და დახმარება — ავითარებს კიდეც დამოუკიდებლობასა და დახმარების გარეშე მოქმედების უნარს.
4.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს არ ეშინოდეს ურთიერთობა არც თქვენთან და არც ზოგადად სამყაროსთან. შემეცნებითი აქტივობა ვერ ითმენს ძლიერ და ხანგრძლივ სტრესს. თუ ბავშვი ძალიან ცუდად გრძნობს თავს, შეშინებულია, მარტოსულია, ახალი ცოდნის მისაღებად ძალა არ ეყოფა.
5.
თუ გსურთ , რომ ბავშვმა თქვენი გაიგონოს და გაიგოს, უპირველესად მისი ლიმბური სისტემა (თავის ტვინის სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს მოტივირებულ ქცევას, ემოციურ მდგომარეობასა და მეხსიერებას) უნდა დამშვიდდეს: გაათავისუფლეთ სტრესისგან, აჩვენეთ, რომ თქვენ ისევ მისი მშობლები ხართ და მზად ხართ დაიცვათ და იზრუნოთ მასზე. ჩაეხუტეთ, ანუგეშეთ, ათქმევინეთ, რას გრძნობს, რათა მიხვდეს, რომ გესმით მისი და იზიარებთ მის გრძნობებს.
6.
როდესაც პატარას ვეხუტებით, ვანუგეშებთ, ვიცავთ, რა თქმა უნდა, მაშინ არავინ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ სწორედ ამ ჩვენმა სიტყვებმა, ჩახუტებამ, ჩვენმა სიყვარულმა იხსნას ის დეპრესიისგან, საკუთარი თავისადმი სიძულვილისგან, საბედისწერო შეცდომისგან, უბედურების ან ავადმყოფობის წინაშე დანებებისგან. მაგრამ ეს ზუსტად ასე მუშაობს. ბავშვობა მთავრდება, მაგრამ მიჯაჭვულობა ადამიანთან სამუდამოდ რჩება, და ეს მისი ფარული საყრდენია.
ყველა ახალი ამბავი
0