ქვეყანაში უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოვლინდა

თევზი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ყველაზე მეტი, ექვსი სამართალდარღვევა გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონში. უკანონო თევზჭერა დაფიქსირდა ასევე კახეთის, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთის, ამბროლაურის, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ასევე ჟინვალის წყალსაცავზე, ხაშურსა და მცხეთაში.
სამართალდამცველებმა უკანონო თევზჭერის შედეგად დაჭერილი 32 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი ამოიღეს.
უწყების ცნობით, მოქალაქეები თევზს იჭერდნენ უკანონოდ, ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით და იყენებდნენ გასაბერ ნავს; დაფიქსირდა აკრძალული ადგილიდან თევზაობა ე.წ. პარაშუტების გამოყენებით. ბრაკონიერები უკანონო თევზჭერისას ელექტროშოკის აპარატებსაც იყენებდნენ, ამოღებულია აკუმულატორები, ასევე ე.წ. ჩოგანბადეები და მოსასმელი ბადეები.
სამართალდამცველებმა ასევე აღმოაჩინეს უმეთვალყურეოდ მიტოვებული ჯამში დაახლოებით 2.800 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადეებიც, რომლებიც ტივტივანიშნულების გარეშე იყო წყალში ჩაგდებული.
სამართალდარღვევა გამოვლინდა დედაქალაქშიც. მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოქალაქე აკრძალული მეთოდით – ე.წ. გოდორით თევზაობდა. თბილისის ზღვაზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად კი ამოღებულია დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე და ერთი ე.წ. გოდორი.
გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად თევზჭერის საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0