სიცოცხლისათვის საშიში ხვრინვა: დასახელდა 8 ამოსაცნობი ნიშანი

© Pexels / Kampus Productionმხვრინავი მამაკაცი
მხვრინავი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. ხვრინვა ადამიანისთვის ბუნებრივი მოვლენა შეიძლება იყოს, თუმცა ის ზოგჯერ ორგანიზმში მიმდინარე სერიოზულ დარღვევებზე, მაგალითად, ობსტრუქციულ აპნოეზეც მეტყველებს, წერს CNN სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ძილის განყოფილების სპეციალისტი რებეკა რობინსი ამბობს, აპნოე ძილის დროს ათი წამითა და მეტი დროით სუნთქვის გაჩერებით გამოიხატება.

„თუ ადამიანს ხმამაღალი, ხრინწიანი ხვრინვა აქვს, რომლის დროსაც სუნთქვაში პაუზები ჩნდება, ეს უკვე შფოთვის მიზეზი უნდა გახდეს“, — ამბობს სპეციალისტი.

ცენტრალური აპნოესგან განსხვავებით, რომლის შემთხვევაშიც ტვინს უბრალოდ „ავიწყდება“ – უბრძანოს ორგანიზმს სუნთქვა, ობსტრუქციულ აპნოეს სასუნთქი გზების დახშობა და ხახის კუნთების ხანგამოშვებითი მოდუნება იწვევს.
აშშ-ის ძილის მედიცინის აკადემიის სპეციალისტების თქმით, თუ ობსტრუქციულ აპნოეს არ ვუმკურნალებთ, იზრდება ჰიპერტონიის, გულის დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტისა და დეპრესიების რისკი.
ამერიკელი ძილის სპეციალისტები სახიფათო ხვრინვას მარტივი აბრევიატურის გამოყენებით ავლენენ, რომლის მიხედვითაც ივსება პაციენტის ანკეტა.
ეს არის აბრევიატურა STOP BANG, საიდანაც:
S (Sound) არის ხვრინვის ხმა — ეს საკვანძო ინდიკატორია. ობსტრუქციული აპნოეს დროს ის იმდენად ხმამაღალია, რომ შეუძლია სხვათა საუბარი გადაფაროს და დახურულ კარს მიღმაც ისმოდეს. ზოგი პაციენტის მიერ ამ დროს გამოცემულ ბგერებს „მომაკვდავი დათვის ხრიალს“ ადარებენ.
T (Tired) დაღლილობა — ობსტრუქციული აპნოე ხელს უშლის ადამიანს, სრულფასოვნად მოისვენოს ღამით. ამიტომაც თუ დღის განმავლობაში გამუდმებულ დაღლას და ძილიანობას გრძნობთ სხვა სიმპტომებთან ერთად, ის დროა, რომ ექიმს მიმართოთ.
O (Observed) დაკვირვება — რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ძალიან ხშირად აპნოეს მთავარი ინდიკატორები პაციენტების ახლობლები ან პარტნიორები არიან. ეს იმიტომ, რომ თავად ავადმყოფი მანამ ვერ გრძნობს თავისი ხვრინვის სიმძიმეს, სანამ გაგუდვას არ დაიწყებს.
„თუ შენიშნავთ, რომ თქვენი პარტნიორი ძილის დროს სუნთქვას წყვეტს, ხვრინავს, ახველებს ან იგუდება — უნდა იცოდეთ, რომ ეს არანორმალური და საშიში ხვრინვაა“, — აცხადებენ სპეციალისტები.
P (Pressure) ჰიპერტონია — ობსტრუქციულ აპნოეს სისხლის მაღალი წნევის გამოწვევა შეუძლია. ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი რამდენიმე წამით წყვეტს სუნთქვას, სიმპათიკური ნერვული სისტემა სისხლის წნევის ზრდას იწყებს. გარდა ამისა, ორგანიზმი გამოყოფს სტრესის ჰორმონებს, რომლებიც ასევე ახდენს გავლენას წნევაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ჰიპერტონია არ არის ძილის დარღვევის ნიშანი, ის შესაძლოა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი სხვა სიმპტომებთან ერთად. ობსტრუქციული აპნოეს მკურნალობის ისეთი მეთოდი, როგორიცაა სასუნთქ გზებში გამუდმებით დადებითი წნევის შენარჩუნება, არა მარტო ეხმარება აპნოეს განკურნებას, არამედ არტერიულ წნევასაც აქვეითებს.
B (Body mass index) სხეულის მასის ინდექსი — ნორმალური მაჩვენებელი 18,5-დან 24,9-მდეა. თუ მაჩვენებელი 35-ზე მაღალია, ეს უკვე გაცხიმოვნებაზე მეტყველებს და ასეთებს ხშირად აღენიშნებათ ობსტრუქციული აპნოე. ეს იმიტომ, რომ ზედმეტი წონა პირის ღრუში, ენასა და კისერში ართულებს სუნთქვას ხვრინვის გარეშე.
A (Age) ასაკი — ასაკის მატების კვალდაკვალ კუნთების ტონუსი სუსტდება, მათ შორის, სასის რბილი ქსოვილისა და კისრისაც. 50 წელზე მეტი ასაკი კიდევ ერთი პოტენციური ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა ხვრინვა უბრალოდ ხვრინვა კი არა, ობსტრუქციული აპნოე იყოს.
ამასთან მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ასაკოვან ადამიანებში ძილის აპნოე, როგორც წესი, მსუბუქი ან საშუალო სიძიმისაა. უფრო მძიმე შემთხვევები ახალგაზრდებში ჩნდება სხვადასხვა მიზეზებით.
N (Neck) კისრის გარშემოწერილობა — ადამიანს კისერი შეიძლება მსხვილი ჰქონდეს გენეტიკის ან ჭარბი წონის გამო. ამიტომ ეს მაჩვენებელიც ასევე არის ძილის ობსტრუქციული აპნოეს პოტენციური სიმპტომი.
ამერიკელი სპეციალისტების თქმით, თუ მამაკაცს კისრის გარშემოწერილობა 43 სმ-ზე მეტი აქვს, ხოლო ქალს 40,6 სმ-ზე მეტი, ე.ი. მათ ძილის ობსტრუქციული აპნოეს დიდი რისკი ემუქრებათ.
G (Gender) სქესი — მამაკაცები ძილის ობსტრუქციული აპნოეთი უფრო ხშირად ავადობენ, ვიდრე ქალები. ეს, დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ მათ, როგორც წესი, უფრო მსხვილი ენა აქვთ და მეტი ცხიმოვანი ქსოვილი სხეულის ზედა ნაწილში, განსაკუთრებით კისრისა და მუცლის არეებში.
ამერიკელი ძილის სპეციალისტების თქმით, აპნოეს მკურნალობა შესაძლებელია:
ცხვირის სპეციალური ნიღბით, რომელიც ღამით ფილტვებში ჰაერის მუდმივ მიწოდებას უზრუნველყოფს;
წონაში დაკლებით — პირის ღრუს, ენისა და კისრის ქსოვილების მასის დაკარგვა ამსუბუქებს ზეწოლას სასუნთქ გზებზე;
ცხვირის პოლიპების, გლანდებისა თუ ადენოიდების ამოკვეთით ან ხრტილის გასწორებით.
ამასთან ექიმები აზუსტებენ, რომ აპნოეს მსუბუქი ფორმის დაძლევა ძილის პოზის შეცვლითაც შეიძლება. თუ ავადმყოფი გვერდულად დაიძინებს და არა ზურგზე, ამით სასუნთქი გზების გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება.
ყველა ახალი ამბავი
0