როგორ მოვიშოროთ თმის საღებავი კანიდან: უსაფრთხო და გამოცდილი მეთოდები

© Pixabay / artursfoto
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
სახლის პირობებში თმის შეღებვა, მართალია, ბევრად იაფია, მაგრამ პრობლემატური, ვინაიდან ამ დროს კანზე დარჩენილი საღებავის მოცილება ხდება საჭირო. მით უმეტეს, თუ მუქი ფერის საღებავს იყენებთ.
სალონებში ამ პრობლემას სპეციალური ხსნარებით აგვარებენ, რომელიც შეიძლება შინ ყოველთვის არ ჰქონდეს ადამიანს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
სილამაზის სპეციალისტები რამდენიმე მეთოდს გვთავაზობენ კანიდან თმის საღებავის მოსაშორებლად. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მიუხედავად იმისა, ქიმიური საღებავის გამოყენებას აპირებთ თუ ნატურალურისას, საჭიროა, რომ შეღებვამდე თმის ზრდის ხაზთან, ანუ შუბლზე, კისერსა და ყურებზე, დამცავი საშუალება დაიდოთ − საკმაოდ სქლად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის კრემი, აბაზანის გელი ან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება.
როდესაც შეღებვას მორჩებით, ფრთხილად მოიშორეთ კრემი თუ გელი ბამბის დისკით − ისე, რომ არ შეიზილოთ. თუ ამ წესებს დაიცავთ, საღებავის მოშორება ბევრად იოლი იქნება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქალები კანში უკვე „ჩამჯდარი“ საღებავის მოსაშორებლად ხშირად ძალიან სახიფათო მეთოდებს მიმართავენ, რომლებსაც ინტერნეტში უხვად ნახავთ. ასეთთა შორისაა წყალბადის ზეჟანგისა („პერეკისის“) და აცეტონის გამოყენება.
დაიმახსოვრეთ: ამ ორი საშუალებით კანის დამუშავების შემდეგ კანი შეიძლება უბრალოდ კი არ დაგეწვათ, არამედ ალერგიული რეაქციაც კი გაგიჩნდეთ!
მაშ, რომელია უსაფრთხო მეთოდები თმის საღებავის კანიდან მოსაშორებლად?

თუ ქიმიური საღებავს იყენებთ:

კბილის პასტა − ჯაგრისით შეიზილეთ დალაქავებულ კანში კბილის პასტა, დაიტოვეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ამ მეთოდით ლაქა შესაძლოა სრულად არ გაქრეს, მაგრამ შესამჩნევად კი გაუფერულდება.
კეფირი − რბილ ქსოვილზე ან სქელ ქაღალდის ხელსახოცზე დაიტანეთ ცხიმიანი კეფირი და წაისვით დალაქავებულ უბნებზე. დაიტოვეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
საჭმლის სოდა − აშორებს კანში „ჩამჯდარ“ საღებავსაც კი. აიღეთ ორი ჩაის კოვზი სოდა და დაასხით იმდენი თბილი წყალი, რომ სქელი პასტისმაგვარი მასა მიიღოთ. წაისვით კანზე და დაიტოვეთ რამდენიმე წუთით. ჩამოიბანეთ ბევრი წყლით. სოდის გამოყენებას უნდა მოერიდონ მგრძნობიარე კანის მქონეები.
ზეთი − ეს ყველაზე შრომატევადი, თუმცა ასევე ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. წაისვით ლაქებზე არარაფინირებული მზესუმზირის ან ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი ბამბით. დაიტოვეთ მინიმუმ ერთი საათი. შემდეგ მოიწმინდეთ ჯერ ქაღალდის ხელსახოცით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით.

ნატურალური საღებავის − ხნის ან ბასმის ლაქების მოსაშორებლად:

საპნის ხსნარი − ჩაასხით ჭურჭელში ზომიერად ცხელი 200 მლ წყალი, ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი თხევადი საპონი, ან ჩააფხვენით ჩვეულებრივი საპონი. ურიეთ მანამ, სანამ ის ერთგვაროვან მასად არ იქცევა. შემდეგ დაასველეთ მასში ბამბის დისკი და სწრაფი წრიული მოძრაობებით შეეცადეთ საღებავის მოშორებას. ბოლოს ჩამოიბანეთ წყლით. თუ ლაქა სრულად არ მოგშორდათ, შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცედურა.
გახსოვდეთ: ნატურალური საღებავის შემთხვევაში საჭიროა ოპერატიული მოქმედება, რათა ლაქები ეფექტურად მოიშოროთ. ამიტომ საპნის ხსნარი შეღებვამდე მოიმზადეთ, რათა მერე დრო არ დაკარგოთ.
რაც შეეხება პროფესიონალურ საღებავ მუსს, რომელიც ამიაკს არ შეიცავს, მისი მოშორება ჩვეულებრივი სველი ბამბითაც შეიძლება − უშუალოდ ღებვის პროცესში. თუ დაგიგვინდათ, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ საპნის ხსნარი.
ყველა ახალი ამბავი
0