სასამართლოზე კონტროლის მოპოვება უნდათ - კობახიძე ოპოზიციაზე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
კობახიძის შეფასებით, მოსამართლეების არჩევის პროცესში ჩარევა უხეში დარღვევაა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ოპოზიცია ცდილობს სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლი მოიპოვოს, რასაც მმართველი პარტია არ დაუშვებს, განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სასამართლო სისტემა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტია როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების დროს. პერიოდულად ტარდება რეფორმები, მაგრამ ოპოზიცია დაჟინებით აცხადებს, რომ სასამართლო პოლიტიზებულია და მას კლანი მართავს. რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე საქართველოს არაერთხელ მიუთითა ევროკავშირმაც.

„ერთადერთი, რაც დგას სასამართლოზე შეტევის და თავდასხმის უკან, არის პოლიტიკური ინტერესი. მათ უნდათ, რომ რაღაცნაირად გაჭედონ სასამართლოს ფუნქციონირება და თვითონ მოიპოვონ პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ ტელეარხ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემას ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მართავდნენ. ახლა კი პოლიტიკური ნება მთლიანად შეიცვალა.
კობახიძის შეფასებით, მოსამართლეების არჩევის პროცესში ოპოზიცია უხეშად ერევა.
„ისინი [ოპოზიცია] ამ ჩარევას მუდმივად ახორციელებენ, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, რადგან ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა“, – აღნიშნა კობახიძემ.
სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა 12-პუნქტიანი პირობებიდან ერთ-ერთია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის დასკვნის შესაბამისად.
უფრო ადრე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი ქვეყანა დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0