ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

© courtesy of Oni Municipality Councilმეწყერი გზაზე
მეწყერი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ჟინვალი–ბარისახო–შატილის ცენტრალურ გზაზე 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გზა რამდენიმე ადგილზე დააზიანა, ჩამოწვა მეწყერი და ფშავისა და ხევსურეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა.
უწყების ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო 22-106 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
უხვი ნალექის შედეგად ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის 43-ე და 45-ე კმ მონაკვეთებზე ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც 43-50 კმ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის 18-ვე თემში ძლიერ სტიქიას ებრძვიან. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა სასოფლო, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების მონაკვეთები, დატბორილია სოფლები, დაზიანებულია გზები, გზაში გაჩერებულია სატვირთოები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მაშველებმა ვერტმფრენებით გამოიყვანეს 170 ადამიანი, მათ შორის ტურისტები და არასრულწლოვნები. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამწუხაროდ, სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. გზაზე ჩამოსულმა ღვარცოფმა მდინარეში ჩაიყოლა უცხოელი ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მაშველებმა მისი ცხედარი გუშინ იპოვეს.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ყველა ახალი ამბავი
0