ეს კერძო ინიციატივაა: შალვა პაპუაშვილი PACE-ს წევრების წერილს გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან 2021 წლის 18 დეკემბერს.
სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან 2021 წლის 18 დეკემბერს. - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
სააკაშვილის მკურნალობა სათანადო დონეზე მიმდინარეობს და გადაწყვეტილებებს პენიტენციური სამსახური იღებს, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრების კერძო ინიციატივა, ხოლო საქართველო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი PACE-ს დეპუტატების მიმართვას.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დოკუმენტი გამოაქვეყნა. წერილში მათ შეშფოთება გამოხატეს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მისი სასწრაფო გადაყვანა „თანამედროვე კლინიკაში“ მოითხოვეს.

„არანაირ ასამბლეას არ მოუწოდებია. 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილია. ასეთი პოლიტიკოსები არა მხოლოდ ევროსაბჭოში, არამედ ევროპარლამენტშიც არიან. ამაზე არაერთხელ ითქვა - არსებობს საქართველოს კანონმდებლობა და ამის მიხედვით მოქმედებს იუსტიციის სამინისტრო. პოლიტიკური მიზანშეწონილობით გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მკურნალობა სათანადო დონეზე მიმდინარეობს და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს პენიტენციური სამსახური ქართული კანონმდებლობის შესაბამისად იღებს.
სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან ქართულ ციხეში სასჯელს იხდის სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე. ამ საქმეებზე მას პატიმრობა დაუსწრებლად 2018 წელს მიუსაჯეს. ამ საქმეებზე მას საერთო ჯამში ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
რატომ არ შეიძლება სააკაშვილის შეწყალება? - პრეზიდენტმა რეალური მიზეზი დაასახელა >>
პატიმარი სააკაშვილი 12 მაისიდან „ვივამედში“ მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გამგზავრებას მოითხოვენ.
საქართველოს კანონმდებლობით, პატიმრის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პატიმართან დაკავშირებული ყველა ასპექტი, მათ შორის მისი ქცევა ციხეში და დანაშაულის ხელახალი ჩადენის რისკები.
პაპუაშვილი: სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია >>
სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს, მესამე - საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ, რომელიც სააკაშვილმა 2021 წლის 29 სექტემბერს ჩაიდინა.
ყველა ახალი ამბავი
0