პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტოა ევროპაში

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით პოზიტიური დინამიკა აქვს – იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, მყარდება ეროვნული ვალუტა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის დასაწყისიდან ხუთ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, და ეს ევროპაში რეცესიის ფონზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით, 14,9% შეადგინა.

„მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. გამოდის, რომ წლის დასაწყისიდან ხუთ თვეში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში. იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და, ზოგადად, ყველგან პრობლემაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოწვევები ყველა ქვეყანას აქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ყველა მიმართულებით პოზიტიური დინამიკა აქვს: პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, მყარდება ეროვნული ვალუტა.
„რასაკვირველია, ჩვენ ამას შევინარჩუნებთ. ახლა კიდევ უფრო მაღალი ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს. პირიქით, ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, 2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის ზრდა 6%-ის დონეზე, უახლოეს წლებში – საშუალოდ 5,5%-ის დონეზე.
ყველა ახალი ამბავი
0