ხელოვნება საზღვრების გარეშე: კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა

© courtesy of Musée d'art moderne et contemporain Saint-Etienne Métropoleსაგამოფენო სივრცე
საგამოფენო სივრცე - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და ინდმეწარმეებს.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები.
წელს კონკურსი ორ ეტაპად გამოცხადდა. მეორე ეტაპმა სტარტი მიმდინარე წლის 25 მაისს აიღო და მისი ბიუჯეტი 210 ათას ლარზე მეტს შეადგენდა.
სამინისტროში 48 განაცხადი შევიდა, საიდანაც 12 გამარჯვებული პროექტი დასახელდა:
„დავით კვაჭაძის 70 წლის საიუბილეო მხატვრული ფოტონამუშევრების გამოფენა“ - პროექტი ითვალისწინებს ცნობილი სპორტსმენისა და ფოტოხელოვანის დავით კვაჭაძის საიუბილეო ფოტოგამოფენის მოწყობას, წიგნი-ალბომის დაბეჭდვასა და პრეზენტაციას.
„თანამედროვე მატყლი“ (Contemporary Wool) – პროექტის ფარგლებში კახეთსა და თუშეთში ჩატარდება კვლევები, გაიმართება თექის ტექნოლოგიების შესახებ სემინარები, შეიქმნება ნამუშევრები, გამოიცემა ნამუშევრების შესახებ პუბლიკაციები და მოეწყობა გამოფენა.
„ქართველი ქალი კომპოზიტორების შემოქმედების ციფრული კონვერტირება (მედია-ხელოვნება)“ - პროექტის ფარგლებში შეგროვდება 10 ქართველი ქალი კომპოზიტორის შესახებ მონაცემები და ინფორმაცია მათი შემოქმედების შესახებ, მოხდება სანოტო მასალის შესწავლა, მათი შემოქმედებიდან შეირჩევა თითო ნაწარმოები და შეიქმნება ციფრული სანოტო ვერსიები, რომლებიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელება.
„მხატვარ მანანა თუმანიშვილის წიგნი-ალბომის გამოცემა“ – გამოიცემა მხატვარ მანანა თუმანიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ორენოვანი, ილუსტრირებული წიგნი-ალბომი, რომლის პრეზენტაციაც 2023 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება.
„პიროვნება და ცხოვრების მეტამორფოზები. მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი“ – გამოიცემა თბილისის მერიის და საქართველოს მხატვართა კავშირის დაფინანსებით მომზადებული წიგნი, რომელიც თანამედროვე ქართული მონუმენტური ქანდაკების ფუძემდებლის შემოქმედებასა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიებს მოიცავს.
„გაცოცხლებული ნამსხვრევები“ – პროექტი ითვალისწინებს ქართული და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის საგანძურის – უნიკალური ორნამენტების, ჩუქურთმების, ბარელიეფების, კედლის მხატვრობის ორიგინალური საავტორო ტექნიკით მიღებულ მრავალკომპონენტიან სინთეზურ მასალებში გაცოცხლებას. ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა თბილისში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში.
„ფოტოსტუდიის განვითარება“ – დაფინანსდება ფოტოგადაღებებისთვის იმპულსური განათებისა და აქსესუარების შეძენა ხუროთმოძღვრული ძეგლების გადასაღებად.
„ქართული ქანდაკების 100 წელი“ – მოეწყობა თანამედროვე ქანდაკების გამოფენა, რომელიც მიეძღვნება თბილისის სამხატვრო აკადემიას და ქანდაკების ფაკულტეტის შექმნის 100 წლის იუბილეს.
„ექსპერიმენტული ინსტალაცია „ხმა” – პროექტი აერთიანებს მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებას, პოეზიასა და პლასტიკას.
„სამეგრელოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ვიზუალური აღწერა“ – პროექტი მოიცავს სამეგრელოს რეგიონში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტომასალის შეგროვებასა და ციფრული ალბომის შექმნას.
„ქართული ტრადიციები თანამედროვეობაში“ – ხის ოსტატისთვის დაფინანსდა ლაზერული ჭრის აპარატის შეძენა, რომლითაც ავტორი ხისგან ქმნის სხვადასხვა მხატვრულ და დეკორატიულ ნიმუშებს.
„ტიფლისის ფერები“ – გაგრძელდება პროექტის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის 30 ნოემბრიდან მოძიებულ იქნა ძველი თბილისის ისტორიული ფოტო-ვიდეომასალა, ასევე ძველი თბილისის უბნების და ქუჩების ამსახველი ისტორიული ფოტოკადრები. მასალები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აღდგა და დამუშავდა. იგეგმება გამოფენის მოწყობა, ასევე გამოცემის მომზადება და ბეჭდვა.
ყველა ახალი ამბავი
0