მცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავთ

© Government of Georgiaვერტმფრენი
ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა ჟინვალი–ბარისახო–შატილის ცენტრალურ გზაზე, სადაც გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა გზა რამდენიმე ადგილზე დააზიანა.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით გამოჰყავთ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქეები გამოჰყავთ სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგალი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის 18-ვე თემში ძლიერი სტიქიაა. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა სასოფლო, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების მონაკვეთები.
ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა ჟინვალი–ბარისახო–შატილის ცენტრალურ გზაზე, სადაც გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა გზა რამდენიმე ადგილზე დააზიანა, ჩამოწვა მეწყერი და ფშავისა და ხევსურეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა.
გუშინ მეწყერი ჩამოწვა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის 53-ე კილომეტრზეც, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ყველა ახალი ამბავი
0