საქართველოში მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
მსჯავრდებულებს დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენა თავად მსჯავრდებულმა შეასწავლა.
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. რუსთავის №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოცდას საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. საგამოცდო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობდა ხუთი მსჯავრდებული და დაწესებულების ერთი თანამშრომელი. გამოცდის შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენის გამოცდა DELF A1 დონეზე საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. გამოცდის ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული და სერტიფიცირებული ცენტრი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსჯავრდებულები ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომს მიიღებენ.
უწყების ცნობით, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან მოლაპარაკება 2022 წლის მარტიდან მიმდინარეობდა, რომლის შედეგად №16 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთათვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა.
ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების სასწავლო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მსჯავრდებულებს დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენა თავად მსჯავრდებულმა შეასწავლა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და აქტივობების განხორციელებას პატიმართა რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0