პარლამენტმა ბათუმის განაშენიანების ახალი წესები დაამტკიცა

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
პროგრამის ფარგლებში 300-მდე მრავალბინიანი სახლი სრულად ჩანაცვლდება ახალი თანამედროვე კორპუსებით.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ბათუმის მერიას განაშენიანების გეგმის გარეშე განაშენიანების უფლებას ანიჭებს.
როგორც კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, მისი მიღება უკავშირდება მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟს და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს და საცხოვრებელი პირობების შექმნას, ასევე ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შედეგად ბათუმის მერიამ მოიპოვა განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის უფლება განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, რაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.
ამ ნორმამ პარლამენტში ცხარე კამათი გამოიწვია და საბოლოო ჯამში დეპუტატებმა ასეთი განაშენიანებისთვის გარკვეული პირობები განსაზღვრეს. განაშენიანება გენგეგმის გარეშე განხორციელდება:
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე;
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში;
ავარიული შენობა-ნაგებობების (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით;
იმ ობიექტების დასრულების მიზნით, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.
ასეთი განაშენიანებისთვის ნებართვას გასცემს ბათუმის საკრებულო, მერიის მხრიდან დასაბუთების არსებობის შემთხვევაში.
საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართის არანაკლებ 10%-ის ოდენობა სასარგებლო ფართის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რაც გამოყენებული უნდა იქნას სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის.
საქართველოს მთავრობამ მარტში სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ დაამტკიცა. პროგრამის თანახმად, ბათუმში ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება.
აჭარის მთავრობა პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად დეველოპერებსა და მშენებელ კომპანიებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას შესთავაზებს.
პროგრამის ფარგლებში 300-მდე მრავალბინიანი სახლი მთლიანად ჩანაცვლდება ახალი თანამედროვე კორპუსებით, ხოლო სამი ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრებას უსაფრთხო პირობებში გააგრძელებს.
დღეისათვის ბათუმში 140-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ავარიულის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ავარიული სახლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასული წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო.
წყარო - პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0