ვატიკანში გასამართი ისტორიული ღონისძიების ორგანიზატორებს საპატრიარქოში უმასპინძლეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სიქსტის კაპელაში იგალობებს, ღონისძიება ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან და სამღვდელოებასთან შეხვედრა გაიმართა კულტურის მინისტრთან, სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მგალობლებთან და ვატიკანში ისტორიული ვიზიტის ორგანიზებაში ჩართულ პირებთან.
სამების საკათედრო ტაძრის გუნდის 40 მგალობელი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად 26 ივნისს სიქსტის კაპელაში (ვატიკანი) იგალობებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ასევე იგალობებს 29 ივნისს, როდესაც რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას აღავლენს, სამების გუნდი წირვის დასრულების შემდეგ შეასრულებს ილია მეორის „ავე მარიას“, ასევე შესრულდება „შენ ხარ ვენახი“.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვატიკანში ვიზიტის პერიოდში ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ბაგრატიონისგან გაჩნდა იდეა რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთობების დამყარების შესახებ, რაც წელს რეალობად იქცა.
მემორანდუმი საბოლოოდ რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში გაფორმდება, რომელსაც ხელმძღვანელობს მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო, ამის შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძრის გუნდი კონცერტს სიქსტის კაპელაში გამართავს.
ღონისძიება ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მრავალ ადამიანს საშუალება მიეცემა კიდევ ერთხელ გაეცნოს ქართულ კულტურას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მისი მოადგილე კახა სიხარულიძე, წმიდა საყდრის დესპანი, მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკური, საქველმოქმედო ფონდ ,,ქართული გალობის“ გენერალური დირექტორი ნანა გოთუა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელები სვიმონ ჯანგულაშვილი და გიორგი დონაძე დაესწრნენ.
წმინდა საყდრის დესპანმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას რომის პაპის მოკითხვა გადასცა.
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელებმა კი მადლიერება გამოხატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გუნდის დაფუძნებისა და წლების მანძილზე გაწეული თანადგომისთვის, მათ ასევე მადლობა გადაუხადეს კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართულ გალობას“.
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი 1998 წელს შეიქმნა და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ტრადიციული გალობის აღდგენა-პოპულარიზაციაში.
სიქსტის კაპელა არის სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია. იგი 1473-1481 წლებში არქიტექტორმა ჯორჯე დე დოლჩიმ რომის პაპის სიქსტუს IV-ის ბრძანებით ააგო. სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. სიქსტის კაპელა აღორძინების ეპოქის დიდებული ნიმუშია, მოხატულია აღორძინების ეპოქის უდიდესი მხატვრების, მათ შორის მიქელანჯელოს მიერ. ამჟამად იქ მუზეუმია, თუმცა აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები რომის ახალ პაპს ირჩევენ.
ყველა ახალი ამბავი
0