„დაინახო ნიშნავს, რომ ფიქრობ": თბილისში ამერიკელი ხელოვანის გამოფენა გაიხსნება

© photo: Sputnikზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვების მუზეუმი; გალერეა MOMA Tbilisi
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვების მუზეუმი; გალერეა MOMA Tbilisi  - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
დეილის ნამუშევრები (ფოტო, ფილმი, ინსტალაცია, ფერწერა) მის მრავალმხრივ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ასახავს.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. პირველად საქართველოში ამერიკელი მხატვრის ბრაიან დეილის გამოფენა გაიხსნება. ამის შესახებ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ბრაიან დეილის გამოფენა „დაინახო ნიშნავს, რომ ფიქრობ" ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 30 ივნისს გაიხსნება და 25 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბრაიან დეილის ნამუშევრები ბოლო პერიოდის აქტუალურ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებს განიხილავს.

„მისი ხელოვნება მნახველს ჯერ თავისი სილამაზით აცდუნებს, შემდეგ კი მას ჩვენი დროის სერიოზულ პრობლემებთან დაპირისპირებას სთავაზობს. თავად ხელოვანის თქმით, მისი ხელოვნება ისტორიებს მოგვითხრობს: „მე ადამიანების ისტორიების მემატიანე ვარ, რომელიც იმას ჰყვება, რასაც ადამიანები თავისი თავის, მსოფლიოსა და ცხოვრების შესახებ მამცნობენ. მე ვაკვირდები, ვუსმენ და შემდეგ ვქმნი", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბრაიან დეილის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 2010 წლიდან დღემდე შექმნილ რამდენიმე სერიას აერთიანებს, ხელოვანის მიერ გაწეულ იმ კვლევას ეფუძნება, რომელიც მისი მთავარი ნამუშევრით „ფერებში გამოხატული ამერიკა“ იწყება და ავტობიოგრაფიული სერიით „14 სადგური გზაჯვარედინზე“ სრულდება.
„დეილის პროექტი, რომელმაც ის 120 ქვეყანაში და ექვსივე კონტინენტზე ამოგზაურა, ცდილობს კაცობრიობა აღმოაჩინოს სხვადასხვა სოციალურ კონცეფციებში: მშვიდობა, ომი, სიყვარული, გარემო, თავისუფლება, რელიგია, დემოკრატია, მთავრობა, ბედნიერება, სოციალიზმი, კაპიტალიზმი, მომავალი და შეერთებული შტატები", – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა სრულდება პოპულარული ვიდეონამუშევრით „ჯიკაი“, რომელიც 2013 წელს ერთი თვის განმავლობაში იყო ნაჩვენები ნიუ-იორკის ტაიმს სკვერის ყველა ეკრანზე.
ბრაიან დეილი 1951 წელს დაიბადა. მან განათლება ოტისის ხელოვნების ინსტიტუტში მიიღო, სამხატვრო კარიერა კი ლოს-ანჟელესში დაიწყო. ის კარიერის ადრეულ ეტაპზე, ოცი წლის განმავლობაში იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა.
ყველა ახალი ამბავი
0