„სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს“ - პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ იმედი გაუცრუა

© courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
პრეზიდენტი ოპოზიციონერი დეპუტატივით იქცევა, აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილით იმედგაცრუებულია და მიიჩნევს, რომ ის ოპოზიციის მხარეს დადგა, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის მისამართით მკვეთრი განცხადებები გააკეთა ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო. ამას გარდა, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში პირველად ვეტოს უფლება გამოიყენა.

„ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ძალიან გულდაწყვეტილი არიან იმ ყველაფრით, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს... სალომე ზურაბიშვილი იყო წარდგენილი როგორც ზეპარტიული კანდიდატი და ასე მოქმედებდა რეალურად ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ვხედავთ, რომ ის პოზიციონირებს, როგორც სალომე სამადაშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრეზიდენტი იმაში დაადანაშაულა, რომ ბოლო პერიოდში ის საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა.
„სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა ჩვენი კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს. მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის სამიტზე 23-24 ივნისს მიიღებენ. ქვეყანა სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა იქნება ამის მომხრე.
ევროკომისიის რეკომენდაციაა, ევროკავშირმა მიანიჭოს საქართველოს „ევროპული პერსპექტივა" და დაელოდოს, რომ ქვეყანამ კონკრეტული 12 პირობა შეასრულოს. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ოპოზიციამ ევროკომისიის გადაწყვეტილებას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს "ევროპული პერსპექტივა" გაუხსნას, უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0